შსს: გამოვლინდა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების სქემა – დაკავებულია 11 პირი

0
331

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გამოავლინეს დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების სქემა, დაკავებულია 11 პირი. დანაშაულები 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

როგორც შსს აცხადებს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას.

უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს არაერთი უცხო ენების მცოდნე პირი, რომლებიც სისტემატიურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანარიშსწორებით შეძენას. დაინტერესების შემთხვევაში ჯგუფის წევრები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელ.ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას.

ამ ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ათეულობით მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს.

ამ ეტაპისათვის, დადგენილი ზიანის ოდენობა შეადგენს 620 000 ევროს.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გამოყენების, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წინა სტატიაგიორგი გახარია თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს?
შემდეგი სტატიადღეს 12 საათზე რიონის ხეობაში საპროტესტო აქცია იგეგმება – მობილიზებულია პოლიცია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური