2020 წელს საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა – გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებისას 4 017-ით აღემატებოდა. – ამ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 46 520 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 24 289 ბიჭი და 22 231 გოგოა. მეორე მხრივ, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3%-ით გაიზარდა და 50 537 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში(13 878 პირი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში(764 პირი)
რაც შეეხება დედის ასაკს, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 30%-დან 28.4%-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 66.1%-დან 67.2%-მდე გაიზარდა. ასევე ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 3.8%-დან 4.4%-მდე გაიზარდა.