“რესპუბლიკელები” ოპოზიციის განცხადებას არ უერთდებიან

0
511

“საქართველოს დემოკრატიულ, ოპოზიციურ პარტიებს გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, მის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დენიელსონს, ასევე საქართველოს მეგობრებს ევროკავშირსა და აშშ-ში, იმ მონდომების, მცდელობისა და მნიშვნელოვანი ინიციატივებისთვის, რაც მათ გამოთქვეს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.

ჩვენ გააზრებული გვაქვს შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ვიზიარებთ როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საერთაშორისო მეგობრების სურვილს, რაც შეიძლება, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას და დავძლიოთ პოლიტიკური კრიზისი.

ამავე დროს, ჩვენ ვერ მოვიტყუებთ თავს და შეთანხმების ფორმალურად მიღწევის საბაბით, გადაუჭრელს ვერ დავტოვებთ საკვანძო საკითხებს, რაც კიდევ უფრო წაახალისებს რეჟიმის ავტორიტარულ ინსტინქტებს. დემოკრატიულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მაქსიმალური მოქნილობა ვაჩვენეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რის საპასუხოდაც, ხელისუფლება ხისტი უარის პოზიციაში ჩადგა.

პრეზიდენტ მიშელის საქართველოდან წასვლის მეორე დღეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა საჯაროდ უარყო ის მზაობა, რაც წინა დღეს პრეზიდენტ მიშელის თანდასწრებით გამოხატა. მან თქვა, რომ არც კი განიხილავს ახალ არჩევნებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის აუცილებლობას, ასევე უარყო პოლიტიკური კრიზისის არსებობა საქართველოში.

სწორედ ღარიბაშვილის ამ რიტორიკის გაგრძელება იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ქცევა მოლაპარაკებების პროცესში. მათ პრეზიდენტ მიშელის ექვსი პუნქტიდან არსებითი პროგრესის მიღწევა არცერთთან დაკავშირებით არ მიიჩნიეს დასაშვებად, ხოლო ორი საკითხის (ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრები) განხილვაზე პრაქტიკულად უარი თქვეს. ხელისუფლების ამ პოზიციის გამოძახილია ევროკავშირში საქართველოს ელჩის ნატა საბანაძის გადადგომა, რომელმაც საჯაროდ მიანიშნა პრობლემის არსზე.

გვსურს, კიდევ ერთხელ, მოკლედ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია პრეზიდენტ მიშელის მიერ კრიზისის დასაძლევად შემოთავაზებული გზამკვლევის ყველა პუნქტთან დაკავშირებით.

ახალი არჩევნების საკითხი – 8 მარტს დადებული შეთანხმების დარღვევამ, გიორგი რურუას ციხეში დატოვებამ, გარეჯის საქმის პოლიტიკური დაკვეთით დაწყებამ, რომლის ამოცანაც პოლიტიკური ოპოზიციის დემონიზება იყო, ოპონენტების პოლიტიკურმა დევნამ, საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის მიმართ დაუსჯელმა ძალადობამ, წინასაარჩევნოდ მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის არნახულმა მასშტაბმა, არჩევნების დღეს ამომრჩევლის კონტროლის კარუსელებმა, ბიულეტენების ჩაყრამ, ოქმების მანიპულაციებმა და სასამართლოების მიერ საარჩევნო დავების განხილვაზე ორგანიზებულმა უარმა, გამორიცხა 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა.



“რესპუბლიკური პარტია” ოპოზიციური პარტიების განცხადებას არ უერთდება. როგორც პარტიის თავმჯდომარემ “მთავარი არხის” ვებგვერდთან თქვა, მოლაპარაკებების წინ ამ ტიპის წინაპირობების დაყენება არასწორია.

ამ განცხადებას ჩვენ არ შევუერთდით, რადგან არ ვთვლით, რომ მომლაპარაკებლის ან მედიატორის ჩამოსვლის წინ ამ ტიპის წინაპირობების დაყენება სწორი იყოს მოლაპარაკებების პროცესისთვის. ველოდებით მედიატორს, რომელიც უახლოეს დღეებში განაახლებს მოლაპარაკებებს და მოლაპარაკებების პროცესში დავაფიქსირებთ პოზიციებს. მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს განხილული ყველა ვერსია და შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს და ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურ პირობებში ცხოვრება”, – ამბობს ხათუნა სამნიძე.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიები მზად არიან შევიდნენ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგება.

წინა სტატია“სტრატეგია აღმაშენებელი” ოპოზიციის განცხადებას არ უერთდება
შემდეგი სტატიაკომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს – დანიელსონი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური