,,ქურდს რომ უსმინო დღეში ასჯერ გამოტყდება” – ირაკლი კობახიძის აღიარება

0
339

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაზე ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პოზიციის “უცბად შეცვლის” შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა აღიარებად შეაფასეს. მათი თქმით, კობახიძემ დაადასტურა, რომ მელიას დაკავებაზე გადაწყვეტილება არა სასამართლომ, არამედ ქართულმა ოცნებამ მიიღო.

კობახიძემ თქვა, რომ გიორგი გახარიასა და გუნდს შორის პოზიციები 17 თებერვლის 5 საათამდე იდენტური იყო, თუმცა 5 საათის შემდეგ გახარიამ პოზიცია “უცბად შეიცვალა”. ამ დროს მელიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილი არ იყო, სწორედ ეს ბადებს ეჭვებს.

“ეს ნიშნავს, რომ არა სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, არამედ მათ მიიღეს. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ჩვენს ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. ახლა მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო — სანამ პოლიტიკური იქნება მართლმსაჯულება ჩვენს ქვეყანაში, არც ინვესტიციები შემოვა, არც სამუშაო ადგილები შეიქმნება, არც დემოკრატია განვითარდება”, — განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, იციან რომ მელიას დაკავება ნამდვილად ასე გადაწყდა. მისივე თქმით, ეჭვი მხოლოდ იმაში შეაქვს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ქართულმა ოცნებამ მელიას დაკავებაზე იმსჯელა და ჰგონია, რომ მათ უკვე მიღებული გადაწყვეტილება განიხილეს.

“როცა იტყუები , რეტროაქტიულად ბევრჯერ დაიწვები ხოლმე. ეს თუ ასე იყო, მე ვიცი, რომ ასე იყო და ეს ნამდვილად ასე არის. სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ეს ასე არის და მელიასთან დაკავშირებით და ყველა სხვა საქმეზეც, წინასწარ იციან რომ სასამართლო იმას გააკეთებს, რაც უნდა მთავრობას და ჯერ მსჯელობენ რა ქნან. მე მანდ ერთადერთი რასაც ეჭვს შევიტანდი, ის არის, რომ მსჯელობდნენ. მე მგონია, რომ უბრალოდ გადაწყვიტა, უთხრეს და უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიდიოდა კომენტირება. მაგრამ ნიშანდობლივი წამოცდენაა”, — განაცხადა ბოკერიამ.

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ამაში სიურპრიზი არაფერია და ეს გახარიას გადადგომის განცხადებაშივე ჩანდა, კობახიძემ კი დაადასტურა.

“მე მგონი ამაში სიურპრიზი არ არის. ბატონი გახარია, როდესაც გადადგა, მან საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ მისი წასვლის მიზეზი იყო ის, რომ პოლიტიკურ საბჭოსთან ვერ შეთანხმდნენ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. უკვე ჩანდა, რომ პოლიტიკურ საბჭოზე განიხილება საქართველოში მართლმსაჯულების საკითხები. კობახიძემ უბრალოდ დაადასტურა, სიახლე ამაში არაფერი ყოფილა”, — განაცხადა მან.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე კი აცხადებს, რომ ეს ერთადერთი “აღიარება” არ ყოფილა და ამაზე მიანიშნებდა ხელისუფლების რიტორიკა და უწყებების ქცევა.

“ეს არ არის ერთადერთ აღიარება. ჩემთვის ძალიან მკაფიო სიმპტომი იყო მაგალითად ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ქვედანაყოფების განლაგება ენმ-ს ოფისთან მაშინ, როცა სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა და ჯერ არ იყო დასრულებული. ჩემთვის ძალიან მკაფიო სიმპტომია ყოველთვის ის, რომ პოლიტიკოსებისა და უმრავლესობის განცხადებები წინ უსწრებს მინიმუმ 2-3 დღით პროკურატურის განცხადებებს და როგორც წესი, რაზეც საუბრობს უმრავლესობა, შემდეგ იმმას აკეთებს პროკურატურა და იმას აკანონებს სასამართლო”, — განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გუშინ, 12 მარტს კობახიძემ განაცხადა, რომ გახარიას პოზიციის ცვლილების დრო ზუსტად ახსოვს, რადგან ამ დროს, რადგან გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებით ჰქონდათ.

წინა სტატიაჭყონდიდის რეზიდენციაში სამართალდამცველები იმყოფებიან – მიტროპოლიტი სტეფანე ღვთისმსახურებისთვის ემზადება
შემდეგი სტატია,,ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ!” – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური