რას შეეწირა 17 ადამიანი?- პროკურატურა შარშან, 23 აგვისტოს შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ

0
319

პროკურატურამ შატილში მომხდარი ტრაგიკული გამო ტურისტული კომპანიის დირექტორსა და მიკროავტობუსის მესაკუთრეს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, მიკროავტობუსის მესაკუთრემ და ტურისტული კომპანიის დირექტორმა, როგორც სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობისთვის პასუხისმგებელმა პირებმა, ექსპლუატაციაში გაუშვეს ტექნიკურად გაუმართავი მიკროავტობუსი, რამაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია.

“გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ მიკროავტობუსის წინა სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გაუმართავი იყო. ასევე, მიკროავტობუსის ტექნიკური მახასიათებლით დადგენილი 15 მგზავრის ნაცვლად, კუსტარულად დამონტაჟებული სავარძლებით, სატრანსპორტო საშუალებას, მძღოლის გარდა, 19 მგზავრი გადაჰყავდა, მგზავრთა უსაფრთხოების ღვედები დამონტაჟებული იყო მავთულებით, კუსტარულად, მიკროავტობუსს გავლილი არ ჰქონდა ტექნიკური ინსპექტირება. სწორედ მითითებული დარღვევებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებდა ტექნიკური ინსპექტირებისთვის საჭირო მოთხოვნებს”, — აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, ასევე, დადგინდა, რომ ტურისტული კომპანიის დირექტორსა და მიკროავტობუსის მესაკუთრეს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად რომ ემოქმედათ, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებას ექსპლუატაციაში არ გაუშვებდნენ და ავტოავარია გამორიცხული იქნებოდა.

სამართალდამცველებმა ისინი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. პროკურატურის მიერ მათ წარედგინათ ბრალდება — ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებისთვის, რამაც 17 პირის სიცოცხლის მოსპობა და 3 პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორივე ბრალდებულის სამეწარმეო საქმიანობის კანონიერების საკითხის შესწავლაც მოხდება.

2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

წინა სტატიასაქართველო უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისშია – ვაშინგტონში პოლიტიკოსების შემდეგ სფეროს ექსპერტებიც გამოეხმაურნენ
შემდეგი სტატიაათეულობით მანქანისგან შემდგარი კოლონა სიგნალებით მიემართება რუსთავში ნიკა მელიას მხარდასაჭერად
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური