,,ქართული ოცნება არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე. თემა ამოწურულია” – აცხადებენ რესპუბლიკელები მდინარაძის შეფასებაზე, რომ მათი წინადადება ბავშვური თამაშია

0
377

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბავშვური თამაში  უწოდა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ, თუ ხელისუფლება ოპოზიციას შესთავაზებს უბარიერო პროპორციული სისტემას და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, რესპუბლიკური პარტია მზად არის,  კენჭისყრის დროს შევიდეს პარლამენტში და შემდეგ ისევ გამოვიდეს,

მდინარაძემ განაცხადა, რომ “0%-იანი ბარიერი სამსჯელოა, 3%-იანი კი ხელში აქვთ”.

მისი აზრით, ოპოზიცია “საბოტაჟისგან” მხოლოდ იმას აღწევს, რომ მთელი ყურადღება გადააქვს სხვა საკითხებზე.

“რეალურად, აქ რა ხდება, პარლამენტი რას აკეთებს, მთავრობა რას აკეთებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები რას აკეთებენ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმა როგორ ხორციელდება, რას ვაკეთებთ ამ ვაქცინის ჩამოსატანად, რა ხდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეს უამრავი საქმე პარალელურად მიდის, ერთადერთი რასაც ახერხებენ, მთელი აქცენტი გადმოტანილია იმაზე, რასაც ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ… ჩვენ პარალელურად საქმეს ვაკეთებთ” – ამბობს მდინარაძე.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს არ აქვს პასუხი მის განცხადებაზე უბარიერო საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.ასე გამოეხმაურა სამნიძე მდინარაძის შეფასებას, რომ აღნიშნული ინიციატივა იყო ძალიან ბავშვური და იყო თამაში

“რისი დამტკიცებაც გვინდოდა — პასუხიც არ აქვს მდინარაძეს! ჯერ შემოდითო გვაშანტაჟებს, კანონპროექტი დადეთ ჯერ და ხმა გექნება-მეთქი და პასუხად მივიღეთ, რა დროს ეგაა პრობლემებია ქვეყანაშიო. გაბედეთ კანონპროექტის დარეგისტრირება! სულ შანტაჟი არ გაგივათ”, — წერს სამნიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, უბარიერო პროპორციული სისტემის კანონპროექტის კენჭისყრის დროს საპარლამენტო მოსმენებში მონაწილეობის მიღების  თემა უკვე ამოწურულია, ვინაიდან მმართველი პარტია კომპრომისზე არ წამოვიდა. 

“ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო პოლიტიკური პარტიების საერთო თანხმობის შემთხვევაში ამის გაკეთება. პოლიტიკურმა პარტიებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნების და ამას მოყოლებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში არიან მზად შევიდნენ და ხმა მისცენ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ თემა უკვე ამოიწურა და ამ ფორმით ამ საკითხზე საუბარი რთული იქნება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ქართული ოცნებაც კი არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე”. – თქვა კორძაიამ. 

წინა სტატია,,ვიბრძოლებ მანამ, სანამ ჩემს ძმას არ დავიხსნი” – სინოდის სხდომის პარალელურად გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ
შემდეგი სტატიაგამოძახებაზე მყოფი მეხანძრე-მაშველი სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა და დაიღუპა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური