11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქის ტახტიდან გადაყენება იგეგმება – აცხადებს რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია

0
474

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია აცხადებს, რომ 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენება იგეგმება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ილია II-ის ადგილას მისი თანამოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს დანიშვნა იგეგმება. რელიგიის ექსპერტთა ასოციაციას Facebook-ზე საპატრიარქოსთან საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის უფრო ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა და გავრცელებულ განცხადებას ფანტაზია უწოდა. “ჟურნალიტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ”, – აცხადებს ჯაღმაიძე.

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფი რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებით იმოქმედებს.

“კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ – ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველიერარქის არჩევნების დანიშვნას, რაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს მოკლე ვადებში მწყემსმთავრად დადგინებას ემსახურება”, – ნათქვამია განცხადებაში.

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ილია II-ის გადაყენება არის რუსეთის მიერ ერთგვარი შურისძიება მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მიერ რუსეთის ეკლესიისათვის საპროტესტო ნოტის გაგზავნის გამო, რაც პატრიარქის კურთხევით განხორციელდა.

“გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას მავანთა დანაშაულებრივი მიზნების გამო და საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციაში გაბატონებულ ძალებს მოვუწოდებთ, რომ ხელი აიღონ მზაკვრული და მოღალატეობრივი გეგმის სისრულეში მოყვანისაგან და ნებისმიერი გადაწყვეტილების გზაზე მოქმედებისას დაეყრდნონ წმინდა წერილს, საღვთო გარდამოცემას, საეკლესიო ტრადიციასა და სჯულის კანონის ღვთივსულიერ პრინციპებს!”, – აცხადებენ ასოციაციაში.
გარდა ამისა, ასოციაცია მოუწოდებს მიტროპოლიტ შიოს, რომ ნებაყოფლობით დატოვოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თანამდებობა და თავიდან აარიდოს დედა-ეკლესიას მოსალოდნელი საფრთხეები და ინტრიგები, რომლის თანამონაწილეც, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავადაც გახდება.

ექსპერტების აზრით ეს დაკავშირებულია მოსკოვის უკმაყოფილებასთან იმით, რომ13 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს, ასევე ვლადაკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს ლეონიდეს წერილით მიმართა.

როგორც მიტროპოლიტი წერს, საქართველოს საპატრიარქომ მედიიდან შეიტყო, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა, რაც მიუღებელია.

წინა სტატია“იგეგმება, როგორც ვიცი, იგეგმება”, – დეპუტატი მაია მენაღარიშვილი ამბობს, რომ კულუტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნა იგეგმება
შემდეგი სტატიაავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გადაყავთ – ინფორმაციას ,,მთავარი” ავრცელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური