სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი განახლდება, მშობლები დისტანციურსა და დასწრებით სწავლას შორის არჩევანის გაკეთებას შეძლებენ

0
1583

სამინისტრო 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ აძლევს შესაძლებლობას გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღჭურვა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზაობა აქვთ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, აღნიშნული ქალაქების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლება დასწრებული ფორმით გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღჭურვა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზაობა აქვთ“ – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მან სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე.

სკოლამ, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამინისტრო სკოლებს დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. კერძოდ, სამინისტრო 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ აძლევს შესაძლებლობას გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში – ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთსა და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

წინა სტატიამესამე პრეზიდენტის დახმარებაზე ქართულმა ოცნებამ უარი თქვა – გაურკვეველია, როდის მოგვეცემა ვაქცინის შემოტანის ასეთი შანსი
შემდეგი სტატია„მას შემდეგ, რაც ენგურჰესი გააჩერეს და კაშხალთან წყლის დონემ დაიკლო, ამ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დავიწყეთ” – დავით ფილფანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური