კოვიდპანდემიის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტები პრობლემებს აპროტესტებენ

0
310

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები განათლების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კოვიდპანდემიის შედეგად შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში სტუდენტებს უჭირთ სწავლის გადასახადის გადახდა, რის გამოც მათ სტუდენტის სტატუსს უჩერებენ.

“სანამ მივმართავდით განათლების სამინისტროს, მივმართე ჩემი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. ავუხსენი სიტუაცია, ავუხსენი ყველაფერი დეტალურად, რომ ის გადასახადი, რომელსაც ჩვენ ვიხდით არ არის მხოლოდ ლექტორების შრომის ასანაზღაურებელი თანხა და ეს არის ის ყველა სიკეთე, რომლითაც ჩვენ უნივერსიტეტს ვაფასებთ. სამწუხაროდ, ადმინისტრაციისგან პასუხი იყო, რომ ჩვენ, განათლების სამინისტროს გარეშე არაფერი არ შეგვიძლია”, — განაცხადა გიორგი კაციაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

აქციის მონაწილეებს სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ:

  1. განათლების მინისტრი დაინტერესდეს სტუდენტების პრობლემებით;
  2. სასწრაფოდ განიხილონ სტუდნეტების პეტიცია;
  3. სტუდენტებს მიეცეთ ფინანსური შეღავათები, რათა არ შეიჩერონ სტატუსი.

სტუდენტურმა მოძრაობამ, ახალგაზრდულმა ძალამ შეიმუშავა პეტიცია, რომლითაც ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკების გზების შემუშავებას, რათა სტუდენტები, სწავლის გადასახადის გადაუხდელობის გამო, იძულებულები არ გახდნენ შეიჩერონ სტატუსი.

“სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდპანდემიის პირობებში. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ამის მიუხედავად, დღეს არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და რომელთა მშობლებიც უმუშევრად დარჩნენ. სწორედ ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვერ იხდიან სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებულნი არიან უარი თქვან განათლებაზე”, — ვკითხულობთ პეტიციაში.

ახალგაზრდული ძალის ერთ-ერთი წევრის, დეა ბარაბაძის თქმით, პეტიციის მიზანია სახელმწიფო სტუდენტებს დაეხმაროს სწავლის გადასახადის გადახდაში, ან გადავადებაში.

“სახელმწიფომ პანდემიის დაწყების დროს გასცა რეკომენდაციების სახით წესები, რომლითაც მოუწოდებდა უნივერსიტეტებს, რომ დახმარებოდნენ სტუდენტებს გადახდაში. თუმცა, ამ რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, კანონის ძალა არ ჰქონდა და ამიტომ, რეალურად შედეგი არც გამოუღია. ამ ჩვენი პეტიციით გვინდა, რომ სახელმწიფომ არა მოწოდებები და რეკომენდაციები გასცეს, არამედ შექმნას რაღაც კანონი, რის მიხედვითაც სტუდენტებს ხელს შეუწყობენ მაქსიმალურად, თუნდაც გადახდაში, ან გადავადებაში, ან რაღაც ელემენტარული პირობების შექმნაში”, — განაცხადა დეა ბარაბაძემ მთავარი არხის ეთერში.

თითქმის ერთი წელია უმაღლესი სასწავლებლები დისტანციურად ფუნქციონირებენ. საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებით, უმაღლეს სასწავლებლებში აუდიტორიული სწავლება 1-ელ მარტამდე არ აღდგება.

წინა სტატიაჯანმოს ექსპერტები უხანში გამოძიებას იწყებენ
შემდეგი სტატიასასულიერო პირები ვაქცინის გაკეთების თემაზე პასუხს საპატრიარქოდან ელოდებიან [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური