გახარიას კადრების წმენდა შსს – ში

0
587

შსს-ში ცვლილებები სამხარეო პოლიციის უფროსებით დაიწყო. უწყების ხელმძღვანელების ბრძოლას ძალაუფლებისთვის ისევ ქვედა რგოლი ეწირება.

ვახტანგ გომელაური სამინისტროზე სრული გავლენის მოსაპოვებლად გადაწყვეტ რაუნდს იწყებს, რომელშიც  ბევრი მაღალჩინოსანი როტაციას დაექვემდებარება, ზოგიერთს კადრების განკარგულებაში გადაიყვანენ, ზოგს პენსიაზე გაუშვებენ, რამდენიმეს კი შესაძლოა სამუშაო ადგილი საერთოდ შეუცვალონ.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ ვის კლანს განეკუთვნება კონკრეტული მაღალჩინოსანი. 

“მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციით, უწყების მაღალჩინოსანი ვისი გავლენის შესუსტებასაც გომელაური პირველ რიგში ცდილობს, მისივე პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძეა.  

საბანაძეს სამინისტროში გახარიას კადრად მოიხსენიებენ. ამბობენ იმასაც რომ მას პოლიციაზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს და სამხარეო პოლიციებშიც ბევრი მის კადრად აღიქმება. წყაროს ცნობით, ვახტანგ გომელაური პირველი მოადგილის მოშორებას დიდი ხანია ცდილობს, თუმცა აქამდე არ გამოსდიოდა. წყაროს ცნობით გომელაურის ბრძოლამ შედეგი ივანიშვილის წასვლის შემდეგ გამოიღო – ახლა თითქმის გადაწყვეტილია რომ კახაბერ საბანაძე შსს-დან მიდის, ის სავარაუდოდ კონტრდაზვერვაში დაგავა და დუმილის სანაცვლოდ დამსახურებულ პენსიას მიიღებს. თავად საბანაძე საკადრო გადაადგილებებზე დასმულ შეკითხვას დუმილით პასუხობს.  

სავარაუდოდ მალე შს მინისტრის მეორე მოადგილის პოსტიც გათავისუფლდება. “მთავარ არხს” წყარო სამინისტროდან უყვება, რომ უწყებას დატოვებს ვლადიმერ ბორცვაძეც, რომელიც მუშაობას ქვემო ქართლში სახელწიფო რწმუნებულის პოსტზე გააგრძელებს. 

მინისტრის ორი მოადგილის გაშვების შემდეგ ვაკანტური პოზიციიდან ერთერთს სავარაუდოდ თბილისის პოლიციის მოქმედი უფროსი შალვა ბედოიძე დაიკავებს.

ეს უკანასკნელი საზოგადოებამ ხორავას ქუჩაზე, ორი მოზარდის მკვლელობის საქმიდან გაიცნო. ის იყო ერთერთი მაღალჩინოსანი რომელიც პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზეც გამოკითხეს. მაშინ ოპოზიციაში ამტკიცებდნენ რომ ბოლო დროის ერთერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე მტკიცებულებების გაყალბებაში პოლიციის უფროსი ბედოიძე პირადად მონაწილეობად. 

ამ ცვლილებებს შესაძლოა სამხარეო უფროსების გადაადგილებებმა დაასწროს. მაგალითად როტაცია უკვე შეეხო გურიის სამცხე ჯავახეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორებს. 

გურიის პოლიციის უფროსი კახაბერ მურადაშვილი რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა კორონავირუსის გართულებებს მკურნალობს, უკვე დანიშნეს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად. მის ადგილას კი სამცხე-ჯავახეთიდან ჩაიყვანეს ლევან ხარაბაძე.  

თბილისში ჩამოიყვანეს კახეთის პოლიციის უფროსი, ზურაბ ბერიკაშვილს სავარაუდოდ ცენტრალური  ნარკოლოგიური განყოფილების უფროსად დანიშნავენ. ბერიკაშვილის დაქვეითების ერთერთ მიზეზად კახეთში რამდენიმე კვირის წინ მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას ასახელებენ, როცა თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ ადგილობრივი საავადმყოფოს დირექტორი სამსახურებრივი იარაღით მოკლა. 

გათავისუფლებას ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა პოსტს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დატოვებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. კოტე ანანიაშვილი მიუხედავად იმისა რომ კახა საბანაძის ოჯახის წევრია, უწყების მიღმა არ დარჩება. არ არის გამორიცხული ისევ გორში დააბრუნონ, თუმცა არა პოლიციაში, არამედ სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორად. 

მის ადგილას კი სავარაუდოდ იმერეთის პოლიციის უფროსს გადაიყვანენ. სულხან თამაზაშვილი ჯერჯერობით მოსალოდნელ ცვლილებას არ ადასტურებს. 

“მთავარის” წყაროს ინფორმაციით, ყველა უფროსი ცვლილების მოლოდინშია. 

წინა სტატიასააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, კოვიდის ვაქცინები გვიშოვა- ეს არის სენსაცია, როდესაც ერთმა ადამიანმა შეძლო ის, რაც ვერ გააკეთა მთელმა ქვეყანამ
შემდეგი სტატია,,ახლა ვიღაცას რაღაც ვაქცინების პარტია აქვს სადღაც ნანახი, მაგი არც ვიცი “- ამბობენ “ოცნებაში” ქადაგიშვილი და სხვანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური