ყოფილი ოპოზიციონერი ჩავლეიშვილი დეპუტატის მანდატს დახარბდა, რაზეც მისსავე ამომრჩეველმა პროტესტი ნაგვის მიყრით გამოხატა

0
303

დღეს ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია ალტერნატივას წარმომადგენლის ირაკლი ფანგანის საქმეზე შსს-მ გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.   მას განემარტა, რომ დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილია ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ოპოზიცია ფანგანის დაკავებას პოლიტიკურ დევნად და შერჩევითი სამართლის კიდევ ერთ მაგალითად აფასებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ისტორია ირაკლი ჩავლეიშვილს მედროვედ, “მანდატის ხამად” მოიხსენიებს, ხოლო ფანგანს, ვინც მას ნაგავი დააყარა — გაბრაზებულ, აღშფოთებულ, გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც “ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისას”. ასე გამოეხმაურა ალტერნატივას წევრის დაკავებას მელია Facebook-ზე.

“ვინც დღეს ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დამყრელ ირაკლი ფანგანის დაპატიმრებას ამართლებთ, XVI საუკუნეში რომ გეცხოვრათ აუცილებლად მოითხოვდით იმ საჩინო ბარათაშვილის დასჯას, რომელმაც კლდიდან გადააგდო მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი. მაგრამ თქვენგან განსხვავებით, თანამედროვეებმაც და შთამომავლობამაც საჩინო ბარათაშვილი გმირად შერაცხა, მის მიერ კლდიდან გადაგდებული ყორღანაშვილი კი დღემდე ღალატის სიმბოლოა!”, — წერს მელია.

მისი თქმით, “საქმის არსი ისაა”, რომ ირაკლი ჩავლეიშვილი ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის სიაში “ბრძანდებოდ”, შემდეგ ბოიკოტს უჭერდა მხარს, უზენაეს საბჭოში არშესვლის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი, შემდეგ კი, “გავარდა”, უმაღლეს საბჭოში “შევარდა და მოკალათდა”.

ნიკა მელია ასევე აღნიშნავს, რომ ჩავლეიშვილმა “ახალგაზრდა გამოიწვია”.”დიახ, ბატონი ჩავლეიშვილი არავის გაახსენდებოდა, თავიდანვე რომ შესულიყო. ახლა კი, რა ქნა? იმ ხალხის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე მივიდა, რომელიც არჩევნების შემდეგ ქუჩაშია გამოსული საპროტესტოდ. მივიდა და სამწუხაროდ პროვოკაციულად აკრიტიკებდა იმ ნაცებს, ვისი წყალობითაც იმ საბჭოში შეძვრა. დიახ, ბატონებო, ჩავლეიშვილმა უღალატა საზოგადოებას, ოპოზიციას, შემდეგ კი თავისი თავის გასამართლებლად, პროვოკატორობასაც მიჰყო ხელი და ახალგაზრდა გამოიწვია. ახალგაზრდამ ბევრისთვის მიუღებელი ფორმით გასცა პასუხი და თქვენც არ დაახანეთ, მთელი რისხვა არაკეთილსინდისიერ ჩავლეიშვილს კი არა, მას დაატეხეთ და ხელ-ფეხი გაუხსენით ხელისუფლებას მის დასაჭერად!”, — წერს მელია.

იმ ადამიანებს, ვინც ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრა გააკრიტიკა, მელია მიმართავს, რომ მათ დაიჭირეს ფანგანი “ივანიშვილის რეჟიმთან ერთად”.,,ერთი გვახსოვდეს, მალე ქართველი ერი ურნას არა, საერთოდ ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ!”, — წერს მელია.

ირაკლი ფანგანი არის პოლიტიკური პატიმარი იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს შერჩევითი სამართალი და ის არის შერჩევითი სამართლის მსხვერპლი. საქართველოს ხელისუფლება აორგანიზებს მსგავს აქტებს პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ რეაგირებს, როდესაც ეს პირიქით უბრუნდება მას. ამიტომ, ფანგანი ცალსახად არის პოლიტიკური პატიმარი” ამბობს ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობოხიძე

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ 2 წლის წინ მას გორის მერიის წარმომადგენელმა თავზე ნაგავი გადააყარა, თუმცა ის არ დაუკავებიათ.

“მე პირადად ორი წლის წინ, უკვე გორის მერიის მაღალჩინოსანმა დამაყარა თავზე ნაგავი, ვიჩივლე და ის ბატონი გაამართლეს, ისე რომ შენიშვნაც არ მიუციათ, ერთი საათიც არ გაუტარებია დროებითი დაკავების იზოლატორში, ახლა გვაქვს პირიქით შემთხვევა, როცა აქტივისტი არის დაკავებული, დევნაზეც ედავებიან. ლაპარაკია იმაზე, რომ სახელმწიფო როგორც უნდა ისე იყენებს კანონებს, ჩაცმული აქვს კონსტიტუცია და ყველა ძალოვანი უწყება და პირდაპირ ასრულებს ივანიშვილის ბრძანებას, ჩვენს მომხრეებს ხელი არ უნდა ახლოთ, ვინც კი რამეს აპროტესტებს ყველას დაჭერა შეგიძლიათ”  – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ხელისუფლება რეპრესიებზე გადავიდა, რადგან ის მუხლი, რომლითაც  ფანგანს ასამართლებენ შესაძლებელია ნებისმიერ მშვიდობიან დემონსტრანტს მიეყენოს.

“ჩვენ გავაპროტესტებთ ამ ქმედებას და არცერთ აქტივისტზე, ასეთ რამეს არ შევარჩენთ ხელისუფლებას. ძალიან სახიფათო მუხლით არის დაწყებული გამოძიება. რაც შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ აქტივისტზე, ვინც უწყვეტად აპროტესტებს თუნდაც გაყალბებულ არჩევნებს, სახელმწიფო გადავიდა რეპრესიების ახალ ეტაპზე” – ამბობს სამოქალაქო პლატფორმა 20/20–ს წევრი გიორგი მუმლაძე

“ოცნების” წარმომადგნელი ნინო წილოსანი დარწმუნებულია, რომ როგორც ნაგვის გადაყრის, ისე ყველა სხვა გამოხატვის თავისუფლების დარღვევის შემთხვევაში, ხელისუფლებას რეაგირება ჰქონდა.

“ნაგვის თავზე დაყრა არ შეესაბამება გამოხატვის თავისუფლების არცერთ ფორმას და აქედან გამომდინარე, როგორც ამ, ისევე სხვა შემთხვევაში, სამართლებრივ სტრუქტურებს და სახელმწიფოს ქონდათ შესაბამისი რეაგირება, იყო დასახელებული რამდენიმე ფაქტი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ შსს–ს ჰქონდა შესაბამისი რეაგირება” , – ამბობს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი

შეგახსენებთ, 23 იანვარს, ბათუმში ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით შევიდა, ხოლოშემდეგ რესპუბლიკური პარტია დატოვა და საბჭოში შესვლა  გადაწყვიტა მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი  დააყარეს. როგორც  ორგანიზაცია ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში  ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი “მონა, მოღალატეს” სკანდირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საბჭოში გაყალბებული მანდატით შევიდა.

თავად ჩავლეიშვილი პარტიის დატოვების მიზეზად ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ასახელებს

წინა სტატიაევროპარლამენტარი მარინა კალიურადი: “რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება”
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თვითიზოლაციის წესი “დემონსტრაციულად” დაარღვია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური