რატომ გამოაქვეყნა პროკურატურამ რამდენიმესაათიანი საუბრიდან მხოლოდ მისთვის სასარგებლო ნაწილი?

0
79

ივერი მელაშვილის კაბინეტში დამონტაჟებული კამერით ჩაწერილი საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ მალხაზ მიქელაძესა და დელიმიტაციის კომისიის თავმჯდომარეს, ამჟამად ბრალდებულ ივერი მელაშვილს შორის პროკურატურამ გამოაქვეყნა და კარტოგრაფების საქმესაც დაურთო. გამოძიება უკვე დასრულებულია და სასამართლოს გააეგზავნა. 

რამდენიმესაათიანი საუბრიდან პროკურატურამ ის ნაწილი გამოაქვეყნა, რითაც თითქოს დასტურდება, რომ დელიმიტაციის კომისიამ საქართველოსთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვარი არა ჩიჩხიტურის ქედის ძირში, არამედ თავზე გადის.

ამავე ჩანაწერში, ივერი მელაშვილი საუბრობს, რომ საზღვრის საკითხი ჩიჩხიტურამდე შეთანხმებული იყო. 

მელაშვილი – ხო ანუ, კი ბატონო შენ შენი შეთავაზებიდან გამოხვედი, იმიტომ, რომ იქითა მხარემ რომ გითხრა შენ, რომ არა გაქვს შეთავაზება, ნუ მიუღებელია შენი შეთავაზება ჩემთვის, ნუ ამან კაი, ჩიჩხიტურამდე შევათანხმეთ, არ მისული ასი მეტრი, იმიტომ, რომ ვთქვათ ეგეც, არ მინდა ახლა ხომ, ხომ ვიტყვი, რომ ის ისა და ეს ისა, ყოველ შემთხვევაში, საერთოდ არ მინდოდა, მაგ მონაკვეთს საერთოდ ნუ შევეხებით, მე ვუთხარი, ეს ეხლა არა, მერე იქნება განხილული და მერე…

შეგახსენებთ, პროკურატურის ბრალდების მიხედვით, ივერი მელაშვილი საქართველოს დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს იღებდა.

“ბრალდებულის საუბრით, ასევე, დასტურდება, რომ მათი, როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ ივერი მელაშვილი საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები მუშაობის პროცესში, მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანულ პოზიციას”, – ამბობს პროკურატურა.

ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე სვამს კითხვას, რატომ გაახსენდა პროკურატურას ახლა ამ ჩანაწერების გამოქვეყნება.

თუ ასეთი ჩანაწერები ჰქონდათ და მაკომპრომიტირებლად მიაჩნდათ, რატომ არ წარმოადგინეს აქამდე? ახლა რა აღმოაჩინეს ახალი?, – კითხულობს თამარ სულაძე. 

არაერთი კითხვის მიუხედავად, პროკურატურაში ვერ აკონკრეტებენ, რა ტერიტორია და დავითგარეჯის რა ნაწილი დაკარგა საქართველომ – შესაძლოა, მაყურებელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს ჩიჩხიტურის კოშკია, მაგრამ ასე არ არის, რადგან კოშკზე ტურისტებისა და მომლოცველების, სასულიერო პირების წვდომა შეზღუდული არ ყოფილა 2019 წლამდე, როცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დავითგარეჯში ჩასვლისას, აზერბაიჯანული მხარისთვის გამაღიზიანებელი გაბცხადება გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, გუშინ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა, 2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here