პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერებად დავით ზალკალიანი და მაია ცქიტიშვილი

0
324

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერებად საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი წარადგინა. დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთება.

“საერთაშორისო ურთიერთობებს ენიჭება სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში და პირველ რიგში, ჩვენ გავაკეთოთ და მზად ვიყოთ, გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია, რა თქმა უნდა პასუხი ოკუპაციაზე და რა თქმა უნდა პასუხი იმ მოვლენებზე, რომლებიც რეგიონში ვითარდება. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიული პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება, რომ ქვეყნის, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დავით ზალკალიანი”, — აცხადებს გახარია.

გახარიას განცხადებით, ეკონომიკური საკითხების მიმართულებით ვიცე-პრემიერის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს.

“პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ გადავლახოთ ეკონომიკური კრიზისი, გლობალური, და მეორე რიგში იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად ხმამაღალი და რაც მთავარია, დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით და ამიტომ დღეს მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით და კურატორი ეკონომიკური მიმართულებით, ეს გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი.”, — თქვა გახარიამ.

ვიცე-პრემიერად წარდგენის შემდეგ ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მისი ფუნქცია იქნება იმ მოქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს აერთიანებს.

“ჩემი ფუნქცია, როგორც ვიცე-პრემიერის, იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული განვითარება და რეგიონული განვითარება, არამედ იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს აერთიანებს”, — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დავით ზალკალიანი 2018 წლის 21 ივნისიდან იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას.

მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს

წინა სტატიასტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველომ რუსეთს დავა მოუგო
შემდეგი სტატიაფარული მიყურადება, ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში დამონტაჟებული ვიდეოჩამწერი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური