ხატია დეკანოიძე: ბატონი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს იმსახურებენ

0
355

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლით „ქართული ოცნების“ პოზიციები შესუსტდა

„ქართული ოცნების“ პოზიციები, რა თქმა უნდა, სუსტდება და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო იზრდება ოპოზიციის და არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ზოგადად ქვეყნის შანსი, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოცილდეს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემა ძალაუფლებას – ის სისტემა, რომელიც მან დიდი „წარმატებით“ შექმნა და ამისთვის სწორედ, ჩვენი ხელისუფლების დროინდელი ძალიან დიდი ხარვეზები და შეცდომებიც კარგად გამოიყენა. მე ვგულისხმობ სასამართლოს მიმართულებით და კანონის უზენაესობის მიმართულებით.

მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ბატონი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს იმსახურებენ ყველანაირ ასპექტში. ესეც კიდევ უფრო დიდი სისუსტის ნიშანია, როცა, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს შეეძლო (წარმატებით, სხვათა შორის) რაღაცნაირად გამაერთიანებელი და ინტეგრაციის მომხრე ფიგურა წარედგინა „ქართული ოცნების“ თაცმჯდომარის პოსტზე – ის ადამიანი, რომელიც არ იქნებოდა დისკრედიტირებული პოლიტიკურ ასპარეზზე“, განაცხადა მან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილზე ამბობს:

„ნამდვილად არ მაინტერესებს სად წავა ბიძინა ივანიშვილი, ტერიტორიულად სად იცხოვრებს, მაგრამ ერთია, რომ მისმა განცხადებამ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესახებ დააზიანა „ქართული ოცნება“ და შეასუსტა მათი პოზიციები. ეს ჩემთვის არის უდავო ფაქტი.
გასაგებია, რომ ძალაუფლების, გავლენების შენარჩუნებას ეცდება და შენარჩუნებულიც აქვს იმდენად, რამდენადაც მისია სამართალდამცავი უწყება, მისია სასამართლო – პრაქტიკულად ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ არსებობს“
.

შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტში ხატია დეკანოიძე ოპოზიციის ამოცანად პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის სადავეების ხელიდან არგაშვებას ასახელებს:

„თვითკრიტიკულად ვიტყვი და პირველ რიგში საკუთარ თავს ვგულისხმობ: ჩვენი – ოპოზიციის ამოცანა არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა დავანებოთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. ჩვენ უნდა შევქმნათ პოლიტიკური დღის წესრიგი ისევე, როგორც შევქმენით მაგალითად პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიუნიჭებლობის შემთხვევაში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთიანობის დემონსტრირება იყო.

ახლა მთელი კონცენტრაცია, ძალა, პოლიტიკური სურვილი მიმართული უნდა იყოს იქით, რომ ის უსამართლო სისტემა, რომელიც არსებობს და ვიმეორებ „წარმატებით“ წინა ხელისუფლებებიდან გადმოტანილი შეცდომების ბუკეტზე აგებული სასამართლო, წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობაში არსებული სასამართლოს სისტემა და უსამართლო პოლიტიკური მართლმსაჯულება – აი, ამ ყველაფრის წინააღმდეგ უნდა გავშალოთ ძალიან ფართო ფრონტი“.

ხაია დეკანოიძე თვლის, ომ პოლიტიკური კრიზისის ჩაქრობის გზა რიგგარეშე არჩევნებია:

„მოდის თვითმმართველობის არჩევნები და ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიის პირობებში არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებაზე ორიენტირება ყველა პარტიისთვის არის უპირობო, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება შემდეგი: ჯერ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს, შევხედავთ და ოპოზიციური გაერთიანება რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ ყველა ერთად, ეს იქნება ჩვენი კონსტრუქცია გადაწყვეტილებების თვითმმართველობის არჩევნებზე.

იცით, მაღალი წარმოდგენის არ ვარ „ქართულ ოცნებაზე“ და მათ პოლიტიკურ ლიდერებზე, მაგრამ მესახება შემდეგნაირად: თუ ოდნავ მაინც სურთ, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს ქვეყანაში, მათ შორის ეკონომიკური კრიზისის ცუნამი მოდის ამის პარალელურად, მაშინ მე „ქართული ოცნების“ ადგილას (მე მაინც ვხედავ ამის კონტურებს), დავიწყებდი ახალი ან რიგგარეშე არჩევნების ვადებზე საუბარს, რადგან ეს იქნებოდა რეალურად ახალი განმუხტვის საშუალება პოლიტიკური კრიზისის ჩასაქრობად“.

წინა სტატიანათლისღებას ბათუმში ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება
შემდეგი სტატიაალექსანდრ ანქვაბი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის სისტემაზე გადაიყვანეს. იგი მეათე დღეა მოსკოვში მკურნალობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური