ბევრს არ სჯერა მისი წასვლის – Washington Post-ი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე წერილს აქვეყნებს

0
442

The Washington Post-ი ვრცელ სტატიას უძღვნის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ წასვლას. სტატიაში ივანიშვილს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადარებენ და შავ ზღვასა და კავკასიის ქედებს შორის გადაჭიმული ქვეყნის დე ფაქტო მმართველად იხსენიებენ. სტატია სათაურით “ოლიგარქი ტრამპის ელფერით, ამბობს რომ პოლიტიკიდან მიდის, ბევრს მისი არ სჯერა”  გუშინ გამოქვეყნდა.

„64 წლის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ახლა ის ქველმოქმედებაზე ახდენს კონცენტრირებას. შთამაგონებელი ნარატივია – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერები ხშირად არ ნებდებიან ხელისუფლებას და იშვიათად მიდიან ნებაყოფლობით. პრობლემა ისაა, რომ ივანიშვილისა მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკურ ოპონენტს და რეგიონულ პოლიტიკურ ანალიტიკოსს სჯერა.

ამბობენ, რომ ის გააგრძელებს მმართველობას კულისებს მიღმა და თავიდან აიცილებს პასუხისმგებლობას მმართველ პარტიაზე, რომელიც ანტიდემოკრატიული მიდრეკილებებით ხასიათდება. ივანიშვილის კოალიციამ შეძლო გამარჯვება ოქტომბერში გამართულ არჩევნებზე, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ მათ ხმები მოჰპარეს და უარს ამბობს პარლამენტში მოპოვებული ადგილების დაკავებაზე“, – ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორები ყურადღებას ამახვილებენ 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის წასვლაზე პოლიტიკიდან და ამბობენ, რომ მაშინ განსხვავებული მდგომარეობა იყო: 2013 წელს, ივანიშვილი ამბობდა, რომ კვლავ გააგრძელებდა პარტიის ფინანსურ მხარდაჭერასა და გაძლიერებას, ახლა კი ამბობს, რომ რომ პარტიის საქმეებში საერთოდ აღარ ჩაერევა.

The Washington Post-ი ხაზს უსვამს აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების პრეტენზიებს ივანიშვილის მმართველობასთან დაკავშირებით, მათ შორის, მოსკოვთან კავშირს იმ ქვეყნისთვის, რომელსაც NATO-ში გაწევრიანების ამბიცია აქვს. ნახსენებია ამერიკელი კონგრესმენების შეშფოთების გამომხატველი განცხადებები საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და აღნიშნულია ისიც, რომ თავად ივანიშვილი კრემლთან კავშირს უარყოფს.

გამოცემას მოჰყავს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვებიც. მან The Washington Post-ს ივანიშვილზე უთხრა, რომ – „გრძნობს, მყარად ვეღარ დგას, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სჯერა, რომ მან არჩევნები მოიპარა“.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

წინა სტატიაქართული ოცნების ყრილობის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიარას ამბობენ Washington Post-ის სტატიაზე ოცნებაში და ოპოზიციაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური