ვინ არის ხოჯგორია – ხარის პატრონი და საიდან მოდის ხარისა და თევზის მარადიული ბრძოლა

0
1782

ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა”

მეგრული პოეზიის შედევრი ,,ხოჯგორია“ (ხარიძებნია), ასეთივე ძალის სხვა ორ შედევრთან ერთად  (,,გემასიზმარ, ღორონთემს ცაშე გეგმურთუმდეს თუდო“  და ,, ბჟა დიდა რე ჩქიმი“)  ქმნის მეგრელთა კოსმოგონიური აზროვნებისა და  სახისმეტყველების სიღრმისეული წვდომითა და შეგრძნებით გამორჩეულ გასაოცარ ტრიადას.

 ,,მელე-მოლე გვალა რენ დო შქას ეშმურსუ წკონდა წყარი,
თე წყარიში ოშუმუშა, ხოჯ გილურსუ დიდი ქამი.
ჭითა ჩხომი გილანჩურუნს, ჭალე პისუ მიკირთუ,
ხოჯის კუდელს ქოჟგერუთნსუნ, ხოჯი ჭითათ გინირთუ,
ხოს გორუნსუ ხოჯგორია, გილურსუ დო გილენგარს.
ნირსის მეთხოზ ჭითა ხოჯი, წიფურს ქალეფს მიოგანს,
ირემიში ქაში ღობერს მიორე დო მიონგარს.” 

სანამ ამ ლექსის ქართულ თარგმანს შემოგთავაზებთ, უნდა აღვნიშნო, რომ იგი 1968 წელს, სტუდენტური ფოლკლორული ექსპედიციის დროს  ჩაუწერია ლაშა გახარიას, თავადაც ბრწყინვალე პოეტს,  სახალხო მთქმელისგან ეთერ გვარამიასგან სოფელ ქვედა ჩხოროწყუში (ჩვენთვის აუხსნელი კრიტერიუმებით, ამ ლექსის ავტორად ბოლო დროს ასახელებენ შესანიშნავ პოეტს კაპიტონ გახარიას, თუმცა მის ვაჟს ლაშას ეს ლექსი გამოქვეყნებული აქვს როგორც ხალხური, რაც გამორიცხავს კაპიტონ გახარიას ავტორობას, რადგან მას არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა ეს, მით უფრო რომ ლექსი კაპიტონის სიცოცხლეშივე ჰქონდა გამოქვეყნებული ტოგო გუდავას შედგენილ კრებულში) . რაც შეეხება ქართულ თარგმანს, იგი ეკუთვნის დიდებულ მთარგმნელს კობა ჭუმბურიძეს, რომელმაც, როგორც სჩვევია, შეძლო შეენარჩუნებინა ლექსის პოეტიკა  და, რაც მთავარია, მისი კოსმოგონიური არსი და ნიუანსები) 

,,მთათა შუა მოციგლიგებს  კამკამა და ცივი წყალი,
 მის ნაპირას წყურვილს იკლავს  ერთი ხარი, რქამაღალი.
 მდინარეში თევზი ცურავს,  წითლად დაფერილი არი,
კუდით მიუდგაფუნებს დაა გაწითლდება უმალ ხარი.
 თევზი ჩქერებს გაუყვება,  ხარს პატრონის ვერ ცნობს თვალი, 
დაეძებს და ვერ პოულობს  მაშვრალი და მოტირალი.
 წიქარა კი ნისლებს მისდვს და რქას უჯახუნებს წიფლებს, 
ღობეს მისდგა ირმის რქისას და ბღავილით ზეცას იკლებს.” 

,,ხოჯგორია‘’ (,,ხარიძებნია”)  ასახავს სამყაროს წყობის სამწევრიან ზოომორფულ მოდელს, რომელშიც ხარი ხმელეთის, კოსმოსის სახეა, თევზი – წყლისა, ქაოსისა, ირემი – სამყაროს განზომილებებად გამმიჯნავი, დამსაზღვრებელი ძალისა.


 ამ კოსმოგონიური მოდელით ნაჩვენებია სამყაროს წყობის სამი ძირითადი ელემენტის ჰარმონიული ერთობლიობა, სადაც თითოეულ ელემენტს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი, რაც განსაზღვრავს კოსმიურ წყობას, წესრიგს.

მათი დაშლა–აღრევა იწვევს დაპირისპირებულ ძალთა სამკვდრო– სასიცოცხლო  ჭიდილის  პროცესებს, რომელიც აქ სიუჟეტურად გველეშაპის და ხარის ბრძოლის მითოსური ციკლით არის დადასტურებული.

მსოფლიო მითოსური ტრადიცია იცნობს წყლისა და ხმელეთის, ქაოსისა და კოსმიური წესრიგის , ტაროსის ღვთაების – ხარისა და ქაოსის (გველეშაპის) ბრძოლის ციკლს.

ბერძნული მითის თანახმად, როდესაც პოსეიდონსა და ათენას შორის ატყდა დავა ატიკის მმართველობისთვის,მსაჯულებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა (სუმჩქიფი) დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს ანუ არჩევანი მოწესრიგებულ სამყაროზე, მიწის ყვავილობაზე შეაჩერეს.

 წითელი ხარის – ხოჯის და ხარიძებნიას – ხოჯგორიას სახის გაგებისთვის მნიშვნელოვანია ევიპტური და, განსაკუთრებით, ხეთური მითებიც, სადაც ჭექა–ქუხილისა და წვიმის ღმერთს, რომელიც ჩვენი ელიას, მეგრული ვარიაციით – ღვთაება დადის ფუნქციებს ატარებს, ჰყავს ორი ხარი, ხური (დილა) და სერი (საღამო). 

შემთხვევითი არ არის, რომ თასიშ დოხუნაფას – პირველი კვალის გავლებისა და ხნულში პირველი პეშვი  თესლის  ჩაყრის რიტუალს დადია ბატონი – დადისგან კურთხეული ერისმთავარი ახორციელებდა. იგი განასახიერებდა ხარის პატრონის ანუ პირველმკვალავის, ქაოსში წესრიგის შემტანის სიმბოლურ ფუნქციას ანუ ის იყო ამ შემთხვევაში ხოჯგორია –  კოსმიური წესრიგის, ხარის მძებნელი, იგივე ,,წითელი ხუცესი”, ხარის პატრონი , მატარებელი ღვთისგან დაკისრებული მისიისა ან სულაც სამყაროს გამრიგე, ელია, დადი

 მითოსური ტრადიციით, ხარის პატრონი თავის პირუტყვს, თავის ხარს, რომელიც უნდა შეებრძოლოს წყალს, თევზს ანუ ქაოსს, სპილენძის, ალმასის, რკინის რქებს გამოუჭედავდა და საბრძოლველად წვრთნიდა და აძლიერებდა. როგორ არ გაგახსენდეს აქ აიეტის სპილენძისრქიანი ხარები, მაგრამ ამაზე შემდეგ…

 თუ მითოსიდან ეთნოგრაფიაზე დავალთ, უაღრესად საინტერესოა, რომ საღვთო ტაბლაზე მეგრელები ამ ბოლო დრომდეც კი იშვიათი გამონაკლისის, მაგალითად შქვითულის (შვიდეულის) ლოცვაზე შესახელებული ლოცვის გარდა, თევზს არ დებდნენ, ხოლო სადაგი დღეების სუფრაზე საერთოდაც არა. თევზის დადება საქონლის ხორცთან და რძის პროდუქტებთან ერთად სასტიკად იკრძალებოდა – ყველს თევზით არ წაბილწავდნენ, მეწველი ძროხის პატრონი ,,ჩხომს ვემკიწიკუდ”, პირს თევზით არ წაიბილწავდა, რადგან მიაჩნდათ. რომ ეს საქონლის ხარს (საქონელიშ ხოს, ორინჯიშ ხოს) გაანაწყენებდა და ძროხა, საქონლის, საყოლის ფური ( საქონელიშ სქვერი,ორინჯიშ ფუჯი) დაიშრობდა. მითებში ჩაუხედავ ხალხს ამ შეუთავსებლობის სხვა ახსნა ჰქონდა – ითვლებოდა, რომ თევზნაჭამი კაცი აუცილებლად მოიწამლებოდა რძით, მითოსური თვალსაზრისით კი ეს იყო ანარეკლი თევზისა და ხარის შეუთავსებლობისა, მოწესრიგებული კოსმოსისა და ქაოსის ანტაგონიზმისა.

მაგრამ დავუბრუნდეთ ამ ბრძოლის მითიურ სიმბოლიკას – მეგრული და არა მხოლოდ მეგრული, ზოგადად ქართული და მრავალი სხვა  ძველი დროის ხალხის რწმენა–წარმოდგენებში დედამიწა ოდესღაც ქაოსში იყო დანთქმული და წყლით დაფარული. ერთი საზრისით, ქაოსი, რომელიც სამყაროს შექმნამდე არსებობდა, იყო მოუწესრიგებელი მასა – მიწის, წყლის, ჰაერისა და ცეცხლის ნაერთი, უკიდეგანო და ბნელი სივრცე, რომელიც უწესრიგოწესრიგის ელემენტებსაც შეიცავდა და შემოქმედის – ღმერთის, დემიურგის ხელი სჭირდებოდა გამოსაცალკევებლად. ეს უკანასკნელი წარმოედგინათ შეუცნობელი ფორმის არსებად თუ ზეარსად, რომელმაც ხარის მეშვეობით დაახევინა ქაოსს უკან, გამოსტაცა მიწა და შვა ფართომკერდიანი დედამიწა – გეა . ამას უკავშირდება ფორმულა ,,ზღვაში ხვნა და ზღვაში თესვა,” და ხოჯგორიაც ომ ზღვაში ხნავს და ზღვაში თესავს. ( , ზღვას მიხონ დო ზღვას მითას, ენა ვანტუ შხვა მითას, მაფაჩხომიშ ქინდირემს მიკოფერთილ კიდირს მაჭ(უ) ” ( ალიო ქობალია)

 ხარისა და ხოჯგორიას მიერ დამყარებული კოსმიური წესრიგი წყლის მეუფებიდან გამოტაცებულ მიწაზე  არ არის მდგრადი და საფრთხისგან დაცული, რასაც ადამიანთა გველეშაპური, წყლისმიერი ქაოტურობით ნიშანდებული ქცევა განაპირობებს, ადამიანის სხეულში ხომ ბევრი წყალია დს მას ციური მნათობები არ ასვენებენ მაგალითად მთვარის ზეგავლენით მიიქცევიან და მოიქცევიან როგორც ფიზიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით. ამიტომ კოსმოსი, ხარი წყალრღვნის, მდაბალი და დამანგრეველი ვნებების შემოტევის მუდმივ მოლოდინშია, თუნცა საბრძოლო მზადყოფნაში: მართალია, კეთილისა და ბოროტის მარადიული ბრძოლის კანონების თანახმად, კოსმოსს ზოგჯერ ქაოსი ცვლის, მაგრამ კოსმოსი ძნელად ეგუება დამარცხებას, კვლავ იბრძვის და იმარჯვებსდა წყლისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ისევ და ისევ  იღვიძებს სიცოცხლე

ალბათ  შენიშნეთ, რომ ლექსი ,,ხოჯგორია” მთლიანად წითლადაა შეფერილი, ფერთა სიმბოლიკის მიხედვით,  ეს სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლის ფერია, სისხლის ფერი. მოპოვებულის დაკარგვა და ყველაფრის თავიდან დაწყება, სისხლის ფასად გაჩენილი სიცოცხლის პერიოდული განადგურება კი, თუნდაც მას აღორძინება მოყვებოდეს,   გაცილებით მტკივნეულია ხარისთვის, რომელიც უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თევზი (ტყუილად არ ვამბობთ გულგრილ და უემოციო კაცზე – თევზივით ცივიაო),  ამიტომ ტირის ხარი სამყაროთა საზღვართან – ირმის რქის ღობესთან. ეს ტარიელური ცრემლია, სიყვარულისთვის დაღვრილი. რომელიც ბოლოს მაინც ნესტანის დახსნით მთავრდება

ასე რომ ხარის ტირილი უფრო ძლიერია, ვიდრე წყლისა და ქაოსის სიბობოქრე და იგი განწმენდს და დაიცავს სამყაროს.

წინა სტატიარატომ იწყებდნენ მეგრელები ახალი წლის პირველ ჭამადს ,,ხეცებას” ღამის უმზეური წყლის დალევით? – წყალი და გალენიშები
შემდეგი სტატიასქურში ტყე იწვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური