ამერიკის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, ყველა დიდ იმედს ამყარებდა ამ არჩევნებზე. ,,8 მარტის შეთანხმებამ გააჩინა იმედი, რომ ეს არჩევნები იქნებოდა შანსი საქართველოს დემოკრატიული პროგრესის დემონსტრირებისთვის. მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში იყო ნაკლები აგრესია, ნაკლები სიძულვილის ენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი აქტივობაც ასევე კარგი ნიშანი იყო, თუ რამდენად არიან ქართველები დაინტერესებულები დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ უფრო მეტი ქალი აირჩიეს პარლამენტში და, რა თქმა უნდა, ის ფაქტიც, რომ 9 ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პარტიაც იქნა არჩეული და ნაბიჯი უფრო პროპორციული სისტემისკენ, რისი სურვილიც ქართველებმა გამოთქვეს.
მაგრამ სხვების მსგავსად, ჩვენც იმედგაცრუებულები დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ და გასაჩივრების პროცესიც, რომელიც მოჰყვა არჩევნებს, ასევე იყო ხარვეზებით სავსე. ბევრი საჩივარი არ იყო სრულად გამოძიებული ან არ განიხილეს. შედეგი გახლდათ ის, რომ ხალხმა დაკარგა ნდობა არამხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართაც, რაც საბოლოო ჯამში ძალიან სამწუხაროა.- განაცხადა კელი დეგნანმა.
მისი თქმით, ბოლო 30 წელია არჩევნებში თითქმის იგივენაირი დარჩვევებია.
“აშკარაა, რომ ქართველი ამომრჩეველი დაიღალა ერთი და იმავე სახის დარღვევების ნახვით. მოდით გულახდილი ვიყოთ, თითქმის იგივენაირი დარღვევებია ბოლო 30 წელია — ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, კარუსელები. ამაზე მიუთითებენ ოდირისა და ეუთოს დამკვირვებლები წლების განმავლობაში თავიანთ დასკვნებში. ქართველებს სურთ, რომ მათი ხმები დაითვალონ, სურთ, რომ შეიცვალოს სისტემა, ეს გვინდა ჩვენც. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს შერთებული შტატების საელჩო წლებია საარჩევნო რეფორმის ძალისხმევას”, — განაცხადა დეგნანმა ფორმულას ეთერში(ფორმულას თარგმანი).