“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ოპოზიციას მიმართავს, გაასაჯაროვონ, თუ რაზე მიდის “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებები. ნიკა გვარამია ასევე მოუწოდებს პოლიტიკოსებს, “დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე”.
“ღიად და პირდაპირ მივმართავ ოპოზიციას:
რას ნიშნავს დაუსრულებელი არგასაჯაროება და დამალვა, რაზე მიდის მოლაპარაკებები?
რატომ გვამკითხავებთ, ვინ შედის, ვინ არა, ვინ რაზე თანახმაა, ვინ რისი წინააღმდეგია?
თუ თქვენ ვერ ხვდებით, მე გეტყვით: ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის ოცნებიზაცია – ჯერ იმათმა მოგვპარეს ხელისუფლება და ახლა ზუსტად იგივეს აკეთებთ თქვენ – გვპარავთ სიმართლეს და მასთან ერთად ხელისულფებას, ხალხისგან ფარულად თანხმდებით ჯერ ერთმანეთთან და მერე – ქართულ ოცნებასთან.
გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ – ხალხს, და არა თქვენ – ოპოზიციურ პარტიებს. თქვენ წარმოადგენთ ხალხს და არა საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს. კეთილი ინებეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ რაზე მიდის შეთანხმება/მოლაპარაკებები.
მთავარი არხის სახელით მოვითხოვ (იმედია, სხვა მედიებიც შემოგვიერთდებიან),
გასაჯაროვდეს, რაზე მიდის მოლაპარაკებები და რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას;
დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე და მოხდეს პირდაპირი ტრანსლირება, რათა გაირკვეს, ვინ შედის, ვინ რაზეა თანახმა, ვინ უგორებს კოჭს ივანიშვილს და ვინ იცავს ხალხის პოზიციას.” – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.