აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს აჯამებს

0
476

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

როგორც კელი დეგნანი აცხადებს, აშშ-ის საელჩო საქართველოში ამაყობს იმით, რომ უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და მისი მეუღლის ვიზიტს საქართველოში.

„სახელმწიფო მდივანი პომპეო საქართველოში ჩამოვიდა, რათა გამოეხატა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს არჩევანის მიმართ, რომ გაღრმავდეს ევროატლანტიკური კავშირები და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის ფონზე. ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ჩვენი საერთო ღირებულებების მნიშვნელობას. ეს ღირებულებები – დამოუკიდებლობა, პატივისცემა, ტოლერანტობა და თავისუფლება ქმნის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ასევე მოუწოდა საქართველოს, რომ განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერება და გაღრმავება და გააკეთოს გადამწყვეტი მნიშვნელობის საქმე, რაც სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს. აშშ-ს საქართველოსთან მტკიცე ორმხრივი დღის წესრიგი აქვს,“- აცხადებს კელი დეგნანი.

მისი თქმით, საქართველოში გამართული ვიზიტების დროს მაიკ პომპეომ მთელი რიგი საკითხები განიხილა.

„სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან,პრემიერ-მინისტრ გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან ნაყოფიერი შეხვედრების დროს რიგი საკითხები განიხილა, მათ შორის საქართველოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, მისი ძალისხმევა, ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და ააშენოს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტები და ჩვენი პარტნიორობა გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდა მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს ილია მეორეს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისე როგორც საუკუნეების განმავლობაში, აგრძელებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლის შესრულებას საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების დაცვაში. მის უწმინდესობასთან შეხვედრაზე მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსში და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა და დაცვა, რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება.

სახელმწიფო მდივანმა ვიზიტი დაასრულა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან დისკუსიით იმაზე, თუ რა კეთდება სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად და როგორია დამოუკიდებელი სასამართლოს როლი ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში. სახელმწიფო მდივან პომპეოს ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედრის მონაწილეებისგან მოესმინა, თუ რას აკეთებენ ისინი იმისთვის, რომ ასრულდეს ქართველი ხალხის ოცნება ძლიერ და აყვავებულ სახელმწიფოზე“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

მისი თქმით, საქართველოში გამართული შეხვედრები მაიკ პომპეოსთვის იყო შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მიაღწია ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში.

„მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, სახელმწიფო მდივნისთვის ეს შეხვედრები იყო შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მიაღწია საქართველომ 30 წლის განმავლობაში. ეს ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ახლო, სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს რამდენადაც გრძელდება საქართველოს ძალისხმევა, რომ გაღრმავდეს მისი ევროატლანტიკური კავშირები, ხელი შეუწყოს ეკონომიკას და წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების განმტკიცებასა და სტაბილურობაში რეგიონსა და მის გარეთ. გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს გულმხურვალე მასპინძლობისა და მეგობრობისთვის, რაც ასე ნათლად გამოვლინდა სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია და ქვეყანა 18 ნოემბერს გამართული შეხვედრების შემდეგ დატოვა.

წინა სტატიაანტი-კოვიდი ( II სეზონი), გადაცემა 35 (19.11.2020) [Video]
შემდეგი სტატიაცოცხალი ჯაჭვი არჩევნების მეორე ტურის დღეს -ოპოზიცია პროტესტის ფორმაზე შეთანხმდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური