ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტამდე ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა ვიზიტის დეტალებსა და გეგმებზე ისაუბრეს.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვრჩებით ერთგულნი, დავეხმაროთ საქართველოს, გაიღრმაოს თავისი ევროატლანტიკური კავშირები, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება, დაახლოებით 16 საპარლამენტო მანდატისთვის. რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს.
ოფიციალურმა პირებმა, ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა და დაგემს რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაცია.ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქათველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ვგმობთ რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც რუსეთის მიერ ისევ ოკუპირებულია”. – აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირი.
ამერიკული გამოცემა, Washington Examiner წერს, რომ მაიკ პომპეომ საქართველოს ავტორიტარული მთავრობის მიმართ მკაცრი გზავნილები უნდა გააჟღეროს.მათივე თქმით, მთავარი საწუხარი გახარიას უკან მდგომი ბიძინა ივანიშვილია
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 17-18 ნოემბერს ჩამოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.
ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლისას მდუმარე აქციას გამართავს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციაზე არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები და მთავარი მესიჯი იქნება, რომ არჩევნები გაყალბებულია.