საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხმაური იყო

0
360

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხმაური იყო. აქტივისტების პროტესტი იმან გამოიწვია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების საშუალება არ მისცეს, თუმცა, მატჩს მმართველი გუნდის წევრები დაესწრნენ.

სამოქალაქო აქტივისტები ფედერაციაში ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ შეგზავნას გეგმავდნენ, რის გამოც ფედერაციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ერთ-ერთი აქტივისტი აცხადებს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ორი პირი, მათ შორის ერთი ვეტერანი ფეხბურთელი ლევან ცქიტიშვილი იყო.

„ისინი იყვნენ ამ დარბევის ორგანიზატორები და დაიწყეს ჩვენზე ძალადობა. შემდეგ მათ აყვნენ ფედერაციის თანამშრომლები. 10-12 კაცი იყო და გამატებით გვცემდნენ. ჩვენ შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. მინდოდა, რომ ფედერაციაში შევსულიყავი და ბატონი კობიაშვილისთვის წიგნი გადამეცა, რაზეც განმიცხადეს, რომ კანცელარია დაკეტილია და ზოგადად ფედერაცია არ მუშაობს. ამ დროს თვითონ გამოვიდნენ ფედერაციიდან და ვკითხეთ ისინი რატომ იმყოფებოდნენ იქ, თუ ფედერაცია არ მუშაობს. ამ შეკამათების მერე ცქიტიშვილი იყო პირველი ვინც ხელი დაარტყა ერთ-ერთ აქტივისტს. შემდეგ დაიწყო დარბევა“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

წინა სტატიასაქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია15 ან 20 ათასი ქომაგი მაინც უნდა დაეშვათ და “მეომრები” მარტო არ უნდა დაეტოვებინათ მოედანზე – ზვიად სიჭინავა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური