გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს არ ეთანხმება მისი პარტიის 99.9%. ეს განსხვავებული აზრია

0
348

,,გრიგოლ ვაშაძის განცხადებები არის სიცრუე. პასუხისმგებლობის მოხსნა არის ძალიან ცუდი საქციელი, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ „თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა”.

,, მთავარი საკითხი, რაზეც მინდა, რომ იყოს სრული სიცხადე არის ის, რომ საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს თითქოს რაღაც მოლაპარაკებები იყო დანიშნული და ჩაიშალა, სრული სიცრუეა ასევე ის, რომ ოპოზიციაში არის დიალოგის მიუღებლობა და ამან თითქოს გამოიწვია ჩაშლა რაღაცის. „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენს სხვა პარტნიორებს, პირველ რიგში „ლელოს“, „გირჩს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ ცოტა ხნის წინ ძალიან მკაფიო განცხადება გვქონდა ამ საკითხზე, რომ დიახ, დიალოგის მომხრე ვართ, საჭიროა დიალოგი არჩევნების ხელახლა ჩატარების საკითხზე და ასევე ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ პარლამენტში არ შესვლის პოზიცია არ შეიცვლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ

“არანაირ მოლაპარაკებას  გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. მას შეიძლება ჰქონდა პრივატული შეხვედრები სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან, მაგრამ ოპოზიციის სახელით რაიმე მოლაპარაკებას საერთაშორისო პარტნიორებთან  გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა.  იგი ოპოზიციის საერთო სახელით ვერ ისაუბრებდა იმიტომ, რომ მას ეს მანდატი აქამდე არ ჰქონია და ამ ინტერვიუს შემდეგ ვეჭვობ, რომ საერთოდ ჰქონდეს. ეს განცხადება ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს. მისი განსხვავებული აზრი არის მისი აზრი, მას არ ეთანხმება ოპოზიციის 100% და მისი პარტიის 99.9%. მე მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი არის ადამიანურად ნაწყენი, ვფიქრობ ახლა არცერთი ადამიანის გარიყვის და დამუნათების დრო არ არის. თუ ბატონ გრიგოლს აქვს სურვილი ამ ყველაფრის ნაწილი იყოს, ის ამ ყველაფრის ნაწილი იქნება. მე ვერ ვხედავ, რომ ერთობას ამ ყველაფრით პრობლემა შეექმნას“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა დიალოგის პროცესი მზადდებოდა საერთაშორისო პარნტიორების ჩართულობით.

„შესაძლოა ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმ დღეებში ძალიან სპონტანური იყო ვითარება, ჯერ რუსთაველზე ვიდექით, შემდეგ ცესკოსთან, შესაძლოა მოხდა რაღაც დისკომუნიკაცია, ვერ შედგა. თუმცა, მე ვარაუდს ვამბობ, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მქონია პირადად კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან“, -განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გუშინ  გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული მისი განცხადება, ოპოზიციონერმა ლიდერმა უპასუხა, რომ „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო. – თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა“,- განაცხადა ვაშაძემ.

.

წინა სტატიააშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაჩვენი ევროპელი მეგობრები პირდაპირ აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა არჩევნებმა საზოგადოების ნდობა ვერ მოიპოვა – ნინო ბურჯანაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური