პოლიტიკური მოძრაობა დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას ზუგდიდის ოფისი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით,ოფისიდან წაღებულია ტელევიზორი და კომპიუტერი. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი. შსს მომხდარის დეტალებს ასაჯაროებს. ტრიბუნას ოფისი ლიბერთი ბანკის ზუგდიდი ოფისის შენობის მიმდებარედ მდებარეობს.
“ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.გ. და 1986 წელს დაბადებული რ.გ.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ზუგდიდში, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისში ფარულად შეაღწიეს. დ.გ.-მ და რ.გ.-მ აღნიშნულ ოფისში ტელევიზორი და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს, პოლიციამ ორივე პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა. ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”- აღნიშნულია განცხადებაში