ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის,ირაკლი კობახიძის განცხადებით,, ე.წ. რევოლუციური სცენარის შესახებ გამოკითხვისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია მიაწოდა. სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოძიებას დაუსახელა ინფორმაციის წყარო და მიხეილ სააკაშვილის ე.წ. “რევოლუციური სცენარის” შინაარსი. კობახიძე ამბობს, რომ ამ გეგმის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი არიან. ის არ ასახელებს წყაროს, საიდან აქვს ინფორმაცია, თუმცა ამტკიცებს, რომ წყაროს ვინაობა ლილუაშვილის უწყების გამომძიებლებს დაუსახელა და თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან, თავად გაახმაურებენ.
“რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც არის შედგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის ლიდერი ამ მთავარი კრიმინალური დესტრუქციული ძალის და მასთან ერთად ამ კუთხით მოქმედებდნენ, ასევე, რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის, რომელთაგან დავასახელებდი, მაგალითად, დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინს, იყვნენ სხვებიც ჩართული ამ სცენარის განხორციელებაში. რა თქმა უნდა, ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა”, — განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კობახიძე ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია “შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავდა”. კობახიძემ მაშინ თქვა, რომ შექმნილი იყო ჯგუფები, მათ შორის ყოფილი ძალოვნებისგან შემდგარი, რომლებსაც გარკვეული ტიპის შეიარაღება ჰქონდათ. კობახიძის თქმით, შეიარაღებული ადამიანები არჩევნების დღესაც გამოჩნდნენ. ის, ასევე, ამბობს, რომ მათ თან ჰქონდათ ელექტროშოკები და ა.შ
არჩევნებიდან მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მორიგი გამოძიება დაიწყო.
2014 წლიდან, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრული ეს უკვე მეოთხე საქმეა, თუმცა ამ დრომდე არც ერთი საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის.