აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ თუ იმ დარღვევებს, რაზეც დამკვირვებლები საუბრობენ ადგილი ჰქონდა, მაშინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.
„ოპოზიციას არ მოსწონს, როგორ ჩატარდა არჩევნები და ისინი (ხალხს) პროტესტისკენ მოუწოდებენ. ვიხილავთ თუ რამდენად შეინარჩუნებენ მუხტს და რა იქნება მათი მოთხოვნები… „ქართული ოცნების“ მთავრობა დარწმუნებულია, რომ მათ გაიმარჯვეს. ისინი იტყვიან, რომ მათ გადალახეს 40-პროცენტიანი ჩამკეტი პირველ რაუნდში, მათ შორის, მაჟორიტარულ ნაწილში და არ დაჭირდებათ კოალიციის შექმნა“, – აცხადებს დევიდ კრამერი.
ის ასევე ამბობს, რომ ოპოზიციას აქვს პროტესტის და უკმაყოფილების გამოხატვის უფლება, თუმცა მხარეებს ძალადობის თავის არიდებისკენ მოუწოდებს.
„ეუთოს დამკვირვებლები, ამერიკის საალჩო, ევროკავშირი და ადგილობრივი დამკვირვებლები, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და სხვები ამბობენ, რომ სერიოზულ პრობლემებს ჰქონდა ადგილი. ამერიკის საელჩომ გამოიყენა ტერმინი „მიუღებელი“, როცა პრობლემებზე საუბრობდა, მათ შორის, ამომრჩევლის დაშინებაზე, მოსყიდვაზე, ძალადობის შემთხვევებზე და სხვა სიტუაციებზე, რომლებიც შეკითხვებს ბადებს. მე იმედი მაქვს, რომ მხარეები შეძლებენ ძალადობის თავიდან არიდებას. თუმცა ოპოზიციას აქვს პროტესტის უფლება და უკმაყოფილების გამოხატვის უფლება, იმაზე თუ რაც მოხდა“, – აცხადებს კრამერი.
კითხვაზე, თუ როგორ უნდა შეფასდეს ეს არჩევნები, კრამერი ამბობს, რომ პრობლემა არა მხოლოდ კენჭისყრის დღე, არამედ ის პროცესიცაა, რომელიც მას წინ უძღვოდა.
„ზოგიერთმა დამკვირვებელმა განაცხადა, რომ ეს 2016 წელთან შედარებით უკან გადადგმული ნაბიჯია. არსებობდა შეშფოთება არა მარტო იმაზე, თუ რა მოხდა 31 ოქტომერს, არამედ მანამდეც. არჩევნები უნდა შეფასდეს არა მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, თუ რა მოხდება იმ დღეს, როცა ხალხი ხმის მისაცემად მივიდა“, – განაცხადა კრამერმა.