ანზორ ბიწაძე: რეალური საარსებო მინიმუმის განსაზღვრა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის

0
331

რეალური საარსებო მინიმუმის განსაზღვრა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის, რამდენადაც, დაპირებული ტოტალური გამდიდრების ნაცვლად, მოსახლეობა კიდევ უფრო ღარიბდება. არსებული სოციალური პოლიტიკა თავდაყირა დადგება, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უკანასკნელ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 331.4 ლარია, რაც დაახლოებით 125 დოლარს შეადგენს.

როგორც ანზორ ბიწაძე აღნიშნავს, ამ ციფრების მიხედვით, ოჯახის თითოეულ წევრზე საარსებო მინიმუმი თვეში 66 ლარს და 20 თეთრს შეადგენს.

„საარსებო მინიმუმის გამოთვლაში მონაწილეობს მხოლოდ საკვები სასურსათო კალათა. შესაბამისად, მასში სხვა კომუნალური ხარჯები – ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალმომარაგება, ტრანსპორტის ხარჯები არ ხვდება.

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი, 164 ლარით არის განსაზღვრული. საარსებო მინიმუმი არის პირობითი ნიშნული, რომელიც გამოხატავს იმ მინიმალურ ღირებულებას, რაც ადამიანის ან ოჯახის ფიზიკური არსებობისთვის არის საჭირო.

შრომისუნარიანი მამაკაცისთვის მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2300 კ.კალორიას შეადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების აზრით, მინიმუმ 2500 კ.კალორია არის საჭირო დღიური მოხმარებისთვის და ამასთან, აუცილებელია საკვები პროდუქტების მრავალფეროვნება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს ასაკობრივი ჭრილის მიხედვით არ ადგენს, მსგავსი ინფორმაცია კი მინიმალური პენსიის დადგენის დროს მნიშვნელოვანი იქნებოდა.

ხანდაზმულთა ასაკობრივი ჯგუფის საარსებო მინიმუმში სავარაუდოდ მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანხებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც მათი პენსიის დადგენისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს. მინიმალური სასურსათო კალათის და საარსებო მინიმუმის ობიექტური კვლევა არ არის დამოკიდებული ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობებზე. რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა არ გულისხმობს სოციალური პაკეტების მყისიერ ცვლილებას”, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

მისივე თქმით, საარსებო მინიმუმი ნიშნავს იმ ორიენტირს, რაზეც სახელმწიფომ ეტაპობრივად უნდა მოახდინოს სოციალური პოლიტიკის სწორება.

„ცხადია, საარსებო მინიმუმის ამ დონით შემცირება მნიშვნელოვნად განაპირობებდა სიღარიბის დონის კლებას, რაც მიღწეულია არა მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების შედეგად, არამედ სიღარიბის ზღვარის ხელოვნურად დაწევის საშუალებით. მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულების მიხედვით, სასურსათო ხარჯების წილი საარსებო მინიმუმში 70/30-იანი პროპორციით არის წარმოდგენილი. კალათის მთლიანი მოცულობის 70 % მხოლოდ ფიზიკურად საარსებო საკვებ საშუალებებზე მოდის, ხოლო 30% დანარჩენი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

მსოფლიოში ცხოვრების დონის განვითარების პარალელურად, ასეთი სახით პროპორციების გადანაწილება საკმაოდ მოძველებული პრაქტიკაა და ევროპის ბევრ ქვეყანაში აღნიშნული პროპორცია ხშირ შემთხვევაში 60/40 და 50/50-ზეც კი მოდის. ბუნებრივია, აღნიშნული პროპორციების გადაანგარიშება აუცილებელია იმისთვის, რომ რეალურად განისაზღვროს ადამიანის ღირსეულად და არა ფიზიკურად არსებობის ხარჯები. რამდენადაც, რეალური საარსებო მინიმუმის განსაზღვრა თვისებრივად შეცვლის არსებულ სოციალურ პოლიტიკას და საპენსიო ან მინიმალური სოციალური დახმარებების გაცემის ორიენტირი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე დღეს არის. საარსებო მინიმუმის დღევანდელი მაჩვენებლები საკუთარი თავის მოტყუებაა და დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება საკმაოდ მძიმეა. უნდა დაფიქსირდეს მოქალაქის ღირსეულად საარსებო საჭიროებებისთვის განსაზღვრული თანხები“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ინფორმაციას პარტია „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

წინა სტატიაეკატერინე ტიკარაძე – საქართველო გრიპის 250 000-ზე მეტ ვაქცინას შეიძენს
შემდეგი სტატიამთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა ჩავარდა. ,,გამოსავალი არის ახალი ძალების მოსვლა“ – მამუკა ხაზარაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური