მიხეილ სააკაშვილი: “ის, რაც ამათთვის არის გერი, ჩემთვის არის პირმშო”

0
421

მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში მომავლის კონფერენციას დაესწრო. კამპანია “ერთად სახლშის” ფარგლებში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებსაც შეხვდა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და იმ გეგმებზე ესაუბრა, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის სიღარიბიდან ამოსაყვანად, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს.

მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება სიღარიბის დაძლევაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ მოკლა ტურიზმის სფერო, არ გააგრძელა არც ერთი ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მის დროს დაიწყო და ამის მაგალითად მან ტყიბულში, თბოელექტროსდაგურის მშენებლობა მოიყვანა, რომელიც 2013 წელს შეაჩერეს. მისივე თქმით, აშენების შემთხვევაში, სადგურზე 7 ათასამდე ტყიბულელი დასაქმდებოდა.

“სიღარიბე არ არის საქართველოს ტრადიცია. ჩვენ უნდა ვიყოთ მდიდარი ქვეყანა…როგორ შეიძლება საქართველოში ცხოვრობდე და იყო ღარიბი?” – ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო სოციოლოგიური კვლევით, ოპოზიციის საერთო რეიტინგი მმართველი გუნდისას აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 ოქტომბერს საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და ამის მერე ქვეყანას სწრაფად უნდა დაიწყოს განვითარება, რადგან საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს.

“ის, რაც ამათთვის არის გერი, ჩემთვის არის პირმშო” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი და პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში 4 წლის თავზე 20 მილიონი იქნება შემოსული.

მესამე პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრობის კანდიდატმა დღეს კიდევ ერთხელ ახსენა მისი ხელისუფლების მთავარი შეცდომა – მართლმსაჯულება. “მე თვითონ გავხდი ჩემი მთავარი შეცდომის მსხვერპლი” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი და კიდევ ერთხელ საუბრობს უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანის აუცილებლობაზე, გარდა ამისა, ამბობს, რომ მთლიანად შეიცვლება ძალოვანი სტრუქტურების მმართველობის ფორმა და პოლიციის უფროსს პარლამენტი აირჩევს. 

მესამე პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს, მოემზადონ ოპოზიციაში გადასასვლელად. ამბობს, რომ არ იქნება რევანში და სისხლისსამართლებრივი დევნა:

“მოემზადეთ წულუკიანებო, ღარიბაშვილებო, გახარიებო, ერთმანეთში გაინაწილეთ, ერთმა მაინც უნდა მისცეთ ხმა შემდეგ პოლიციის უფროსს… არავის ეცლება თქვენ გდიოთ და გედავოთ.

​მათი [“ქართული ოცნების” ხელისუფლების] ყველაზე დიდი დასჯა იქნება წარმატებული საქართველო და არა სისხლისსამართლებრივი დევნა. არ შეიძლება ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ერთსა და იმავე წრეზე ბრუნვა” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი და ემიგრანტებს ქვეყანაში დაბრუნებისთვის სათანადო პირობების შექმნასაც პირდება:

“ჩემი ოცნების საქართველო არის მინიმუმ 6-7 მილიონიანი ქვეყანა… ან გამარჯვება ან ჩვენი იმედების სიკვდილი…სიკვდილის ყველა კარი დავრაზოთ, ეს იქნება ძლევაი საკვირველი და რადგან არ იქნება სიკვდილი, ეს იქნება გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება 31 ოქტომბერს” ამბობს სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებთან, მომავლის კონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ “ძალა ერთობაშია” პრემიერმინისტრობის კანდიდატად 7 სექტემბერს დაასახელა.

8 სექტემბერს კი მესამე პრეზიდენტმა და პრემიერობის კანდიდატმა 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომლის
განხორციელებასაც ის გაპრემიერების შემთხვევაში აპირებს

წინა სტატიაროგორ აფასებენ ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში?
შემდეგი სტატიასააკაშვილის ხელისუფლების საქმიანობას 31% აფასებს დადებითად, ივანიშვილისას – 9 % IPSOS-ის კვლევა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური