საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფთათვის საარჩევნო უბნები დაახლოებით 40 ქვეყანაში გაიხსნება

0
321

საქართველოში დაგეგმილ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, დაახლოებით 40 ქვეყანაში საარჩევნო უბნები გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

,,ცესკო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა საზღვარგარეთ ამომრჩევლებისთვის კვლავაც უზრუნველყოფილი იყოს მათი კონსტიტუციური უფლება.მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სამინისტროს მიერ ამ დროისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც პრაქტიკა გვქონდა აქამდე, იგეგმება გაიხსნას საარჩევნო უბნები. აღსანიშნავია, რომ უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც“ – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა

მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები შეიქმნება საზღვარგარეთ, ინფორმაცია საარჩევნო უბნების შესახებ დაუყოვნებლივ განთავსდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

„შეგახსენებთ, რომ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მათ მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადასახადს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება ელექტრონულად, საკონსულოს ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფს, შეუძლია მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია ცესკოს ონლაინ ჩათის საშუალებით ან დაუკავშირდეს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე – 2 51 00 51 .

საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად გაავრცელებს ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რომელიც საზღვარგარეთ ამომრჩევლებისთვის არის აუცილებელი, რათა მათ შეუფერხებლად მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა“, – აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინა სტატიაჯანმო:პანდემიის დაწყების დროიდან ბოლო 24 საათში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიამელბურნში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 74 პირი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური