ლელომ ბოლო დროს პარტიის წევრებზე გახშირებული ზეწოლის ფაქტებს ქართული ოცნების ოფისთან გამოეხმაურა

0
329

ქართული ოცნების ოფისთან ლელოს ქალთა საბჭოს  ორგანიზებით  აქცია-ბრიფინგი გაიმართა. აქციის მეშვეობით პარტიის ქალი ლიდერები ზუგდიდში ლელოს ქალ წევრებზე შანტაჟის და ბოლო დროს პარტიის წევრებზე გახშირებული ზეწოლის ფაქტებს  გამოეხმაურნენ. 

ლელოს ქალთა საბჭოს ხელმძღვანელის, მედეა მეტრეველის თქმით, ქართული ოცნების მხრიდან შანტაჟის ფაქტები წლებია, მანკიერ პრაქტიკად იქცა, თუმცა დასჯით არავინ ისჯება. ლელოს ქალთა საბჭო გმობს პირადი ცხოვრებით ადამიანების, ქალების შანტაჟს და დაშინებას, სრულ სოლიდარობას უცხადებს თავის კოლეგებს ზუგდიდში და ასევე ყველა იმ ქალს, ვინც არის და, შესაძლოა, მომავალში გახდეს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლი, ყოველგვარი პარტიული თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.

“გრძელდება ლელოს წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი. რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ზუგდიდში, ჩვენი პარტიის ქალ წევრებს, რომელთა მონაცემები ცნობილია სამართალდამცავი ორგანოებისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით. პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი “ოცნების” ხელისუფლების ხელში წლებია, მანკიერ პრაქტიკად იქცა და, სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებზე არასდროს ხდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადეკვატური რეაგირება, ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება და შესაბამისი პირების დასჯა”. – ამბობს მედეა მეტრეველი. 

ლელოს ქალთა საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, პარტია მოითხოვს ლაშა გვასალიას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას. 

“მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო მისიებს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება მსგავს ფაქტებზე, რაც აფერხებს საარჩევნო პროცესის თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას.  აქვე გაცნობებთ, რომ ლელოს ქალ წევრებზე სხვა არაერთი ზეწოლის და დაშინების მცდელობა განხორციელდა, კერძოდ, ქ. ოზურგეთში და სამგორის ოლქში, როდესაც ჩვენს წევრ ქალებს და მათი ოჯახის წევრებს დაემუქრნენ სამსახურიდან გათავისუფლებით. პანდემიით გამოწვეულ ურთულეს პერიოდში ადამიანების არჩევანის წინაშე დაყენება და უკანასკნელი შემოსავლის წყაროს დაკარგვით დამუქრება ყოვლად მიუღებელია”. – აღნიშნა მეტრეველმა. 

აქციის მსვლელობისას ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლანა გალდავამ ქართული ოცნების მხრიდან შანტაჟი დაგმო და განაცხადა, რომ ხელისუფლება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ასაჯაროებს, ოქტომბერში დასრულდება. 

“ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ამ ქვეყანაში შანტაჟი, ის მეთოდები, რაც დღეს გამოიყენეს პირადად ჩემთანაც ისნის რაიონში. ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც ქალებს პირად სივრცეში შეუვარდა და ამ ხელისუფლების პერიოდში მოხდა პირადი ცხოვრების გასაჯაროება და მათი კადრებით მანიპულირება. ამას კი ლელო 31 ოქტომბერს დაასრულებს, ხალხის სასარგებლოდ”. – თქვა ლანა გალდავამ. 

12 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ლელოს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის, ირაკლი მატუას თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენელმა, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა მას ქალაქისა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 600 ლარი შესთავაზა

5 სექტემბერს პოლიციის მთავარ სამმართველოში ლელოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრი და მხარდამჭერი მანანა სულთანიშვილი იმყოფებოდა. სულთანაშვილმა საჯაროდ, ბრიფინგზე “ოცნების” წარმომადგენლები, რიმა ბერაძე და სხვები მასზე ზეწოლაში და დაშინებაში დაადანაშაულა

წინა სტატიამელბურნში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 74 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაკვირას მინსკში გამართული 100 ათასიან საპროტესტო აქციაზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური