დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 571 -მა მოქალაქემ საკარანტინო სივრცე დატოვა.
მისივე თქმით, კარანტინში რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება, მათთვის კი საკარანტინო რეჟიმი 27 აგვისტოს სრულდება.
“ბოლო სამი დღის განამვლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში აქტიური განმეორებითი ტესტირება მიმიდინარეობს, როგორც კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა, ასევე, თვითონ ლენჯერის თემში მყოფი მოსახლეობის. ბოლო სამი დღის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში 1216 პირია გამოკვლეული. აქედან 357 ლენჯერში, ასევე კარანტინიდან 571 ადამიანი, თვითიზოლაციაში მყოფი 56 ადამიანი, დაცვის პოლიციის 75 თანამშრომელი, სამაშველო სამსახურის 82, სასაზღვრო პოლიციის 26 და ასევე, დაბა მესტიის საავადმყოფოს 46 თანამშრომელი. ლენჯერის თემში განმეორებითი კვლევებისას ჩვენ კიდევ 7 ახალი შემთხვევის იდენტიფიცირება მოვახდინეთ, ჯამში კი, ლენჯერის თემსა და მის გრეთ 11 შემთხვევა აღმოჩნდა. უმეტესობა გადაყვანილია სამკურნალოდ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება ზოგადად ეპიდემიოლოგიურ სურათს, გამყრელიძის თქმით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 1421 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
“დილის 09:00 საათისთვის, გვაქვს 10 ახალი შემთხვევა. ამ 10-დან 2 მიეკუთვნება ლენჯერის კლასტერს, 2 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 5 არის იმპორტირებული, ძირითადად საკარანტინო სივრცეებში იდენტიციფიცირებული და აქედან ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ერთ შემთხვევაში მიმდინარეობს ეპიდკვლევა. გარდაცვლილია 17 ადამიანი და ბოლო სამი კვირის განმავლობაში ეს მონაცემი არ შეცვლილა, რაც კარგია”, – განაცხადა გამყრელიძემ.