გაკვეთილების ჩატარება სკოლის ეზოებშიც შესაძლებელია – რეკომენდაციები

0
605

სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გაკვეთილების ორგანიზება/ჩატარება შესაძლებელია სკოლის ეზოებში/ღია სივრცეებში, ოღონდ შესაბამისი დისტანციის დაცვით.

რაც შეეხება გაკვეთილების კაბინეტებში ჩატარებას, სკოლებმა უნდა შეზღუდონ მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში; თუმცა, ყოველი შესვენების დროს სავალდებულოა საკლასო ოთახის განიავება.

ერთი და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას კი, დაცული უნდა იყოს 30-წუთიანი შუალედი, უნდა განიავდეს საკლასო ოთახი, მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. გაკვეთილის ჩასატარებლად ერთი საკლასო ოთახიდან მეორეში შესვლისას საჭიროა ხელის ჰიგიენა.

ადმინისტრაციამ სკოლის მთელ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს ნაკადის (რიგები სასადილოში, შესასვლელში, სველ წერტილთან, სპორტულ დარბაზებში, გასახდელებში, რესურსოთახში, მანდატურის ოთახში, ექიმის კაბინეტში და სხვ.) კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არა ნაკლებ 1 მეტრი);

რეკომენდაციების მიხედვით, სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებული უნდა იქნეს ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები.

მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრვალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშავონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ.

სკოლამ თითოეულ მოსწავლეს უნდა მისცეს რეკომენდაცია სკოლაში ატაროს საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლი [ამასთან, სკოლამ უნდა უზრუნველყოს დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის  ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ონკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან; „წყლის ბოთლი გარეცხეთ დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში ერთხელ“ – აღნიშნულია რეკომენდაციებში]

2020-2021 სასწავლო წელი, არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.

საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში შერეული მოდელის დანერგვისას დისტანციური სწავლებაც შესაძლებელი იქნება V-XII კლასებში, გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში კი, სავალდებულოა.

განათლების სამინისტრომ რეკომენდაციების გამოქვეყნებისას განაცხადა, რომ ის „აგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან თანამშრომლობას და ზედმიწევნით შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც განპირობებული იქნება იმ დროისთვის [15 სექტემბრიდან] არსებული ეპიდვითარებით“.

წინა სტატიადონალდ ტრამპი – ბარაქ ობამა ძალიან არაეფექტური, ძალიან საშინელი პრეზიდენტი იყო
შემდეგი სტატიაFORMULANEWS: ზუგდიდში, სადაც კენჭს უგულავაც იყრის, ენმ-მ, შესაძლოა, კანდიდატად ვერა ქობალია დაასახელოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური