,,ახლა შაქარაშვილზე ამბავია ატეხილი და არ უნდოდათ კალანდიაც დამატებოდათ“ – ოჯახი გამამტყუნებელ განაჩენს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს

0
424

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდიასთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება.

„არავითარ მოულოდნელობას არ ჰქონია ადგილი, ესენი ხომ მონები, მარიონეტები არიან! გასაჩივრებას აზრი იმის გამო აქვს, რომ სტრასბურგში წავიდეთ, თორემ აქ რომ შედეგი არ დადგება, ვიცი“, – უთხრა მედიას მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ. მისივე თქმით, საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს და მხოლოდ „ვიღაცის ჭორები და ზღაპრებია“.

„ახლა შაქარაშვილზე ამბავია ატეხილი და არ უნდოდათ კალანდიაც დამატებოდათ“, – განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

მსჯავრდებულის ადვოკატის, ზურაბ თოდუას შეფასებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, რადგან ხელისუფლებას ამ განაჩენით სიმშვიდე აქვს გარანტირებული.

„აღნიშნული გადაწყვეტილება არის მიღებული ამ სასამართლოზე წუხელის განხორციელებული ზეწოლის შედეგად. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქ მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ პროკურატურისა, რომლებმაც პრესში გაატარეს ეს სამი მოსამართლე“, – უთხრა მედიას თოდუამ. ადვოკატის თქმით, გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნებს გარიგება აქვთ ზაზა სარალიძესთან, რომელმაც თანხმობა მისცა, რომ გენერალურ პროკურორად შოთაძის დაბრუნების შემთხვევაში ხმას არ ამოიღებდა.

21 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.

25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე.

მიხეილ კალანდია, რომელსაც 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმის სტატუსი ჰქონდა, შსს-მ ბრალდებულის სტატუსით 2019 წლის 4 ივნისს დააკავა.

წინა სტატიაასკაციანი ქორწილი ღია სივრცეში დასაშვები გახდა
შემდეგი სტატია,,მექანიკური შეცდომა“, რომელსაც გამოცდილი, მაგრამ მარიონეტი ექსპერტები მხოლოდ ზემოდან კარნახით ,,უშვებენ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური