პროკურატურამ გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა შესთავაზა

0
481

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა. გაბუნია ამბობს, რომ გამოძიებას აინტერესებდა საიდან ჰქონდა ინფორმაცია მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ

თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ მას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია 2 წყაროსგან ჰქონდა მოპოვებული – ნიკა გვარამიასგან და დაცვის წევრისგან.

„აქცენტი იყო იმაზე, საიდან მაქვს მე ინფორმაცია, რომელიც მაქვს. ეს ინფორმაცია მწირეა. ორი წყარო მყავდა – ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ ჩემი ლიკვიდაციის მცდელობას შესაძლოა ჰქონოდა ადგილი და ამაზე იყო აქცენტი კითხვების დროს. რა ინფორმაცია მომაწოდა გვარამიამ, რა დეტალები იცოდა და საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია. ასევე კითხვა იყო, ხომ არ მიფიქრია, რომ სამართალდამცველებისთვის ან სუს-სთვის მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია, მაგრამ მე განვუმარტე, რომ ამის მცდელობა არ მქონია. პირველ რიგში ვენდობი ნიკა გვარამიას. არ უთქვამთ რა ტიპის მტკიცებულებები აქვთ გამოძიების შედეგად მოპოვებული. მეორე წყარო არის ჩემი დაცვა, რომელმაც შეამჩნია, რომ მითვალთვალებენ. დიდი ალბათობით მასაც დაიბარებენ. დაახლოებით 2 თვეა ვიცი, რომ საფრთხის წინაშე ვიყავი“, – განაცხადა გიორგი გაბუნია.

რაც შეეხება შესაძლო ლიკვიდაციის მოტივს, გაბუნიას თქმით, „ეს ყველასთვის ნათელია“.

„მოტივი არის ის, რისი ვარაუდიც მე მაქვს და მე მგონი ეს ყველასთვის ნათელია. მეტი რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივი ჩემი ლიკვიდაციის, თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა, მითუმეტეს, რუსეთიდან?

ვიცი, და ამაში ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია შეიძლება მოუნდეს, ეს შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ რუსეთიდან. რუსეთი ნიშნავს პუტინს და რამზან კადიროვის გავლით თუ მოხდება ეს და კადიროვის ქვევით რა ხდება ეგ აღარ ვიცი. რამზან კადიროვი ამას პირადად რა თქმა უნდა არ აკეთებს, მაგრამ თუ ვინმეს დაუკვეთავს მკვლელობას, ეს იქნება დაჯგუფება, რომელიც ამაზე მუშაობს. თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია მოუნდება ეს არის რუსეთი, ეს არის რამზან კადიროვი, რაც ნიშნავს პუტინს”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ჟურნალისტის თქმით, პროკურატურამ მას სახელმწიფო დაცვა შესთავაზა .

„სახელმწიფომ შემომთავაზა ყველანაირი სახის დაცვა. ისიც კი მითხრეს, თუ გინდა სახე, სახელი და გვარი შეიცვალეო, არ ვიცი, უნდა გადავწყვიტო რა დამჭირდება. წინადადებაზე ადვოკატებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

უნდა მოვილაპარაკო ადვოკატთან. მე ჩემი პირადი დაცვა მიცავს და უნდა შევაფასოთ საფრთხეები რამდენად არსებობს. გაუთქმელობის პირობაზე ხელი არ მომიწერია და შემიძლია თავისუფლად საუბარი.”

.

წინა სტატიათვითნასწავლი ხელოვანი, რომელმაც ჰობი შემოსავლის წყაროდ აქცია [Video]
შემდეგი სტატიარას აკეთებს პროკურატურა გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმის გამოძიებისათვის?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური