ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში, ყოფილი სასტუმრო “ეგრისის” შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 17 ოჯახი უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რომელსაც აწვიმს. მათი თქმით, პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გათვალისწინებული დახმარება მათ არ შეხებიათ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ და ადგილზე ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას მისვლას ითხოვენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო ენმ-ს ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძე, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა რომ პანდემიის დროს სწორედ ასეთი მძიმე სოციალური პირობების პქონე ადამიანებს ჭირდებათ დახმარება და თანადგომა. წითლიძის თქმით, გაუგებარია, სად წავიდა ამ კატეგორიის ადამიანებისთვის განკუთვნილი დახმარება.
„აი როდესაც ხელისუფლება თავს იწონებს, რომ ამ პანდემიას წარმატებით გაართვეს თავი და დაეხმარნენ თურმე ათასობით საქართველოს მოქალაქეს, ახლა მე მინდა მივმართო მათ, იქნებ მოვიდნენ ამ ჩასახლებაში და გვითხრან ვის დაეხმარნენ საერთოდ თუ არა აი ამ კატეგორიის, გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც აი ამ მდგომარეობაში ცხოვრობენ. ამ ადამიანებმა არაერთხელ მიმართეს ზუგდიდის მერიას, დევნილტა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას ამ პანდემიის ჟამს დახმარებოდნენ მათ, თუმცა მათგან დღემდე არ მიუღიათ პასუხი და დღემდე ეს ადამიანები არიან აი ასე უყურადღებოდ დარჩენილები. „- განაცხადა წითლიძემ.
სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახები დახმარების მოლოდინში არიან, მათი თქმით, ისედაც მძიმე პირობებში უწევდათ ყოფნა, ახლა კი, პანდემიამ მათ საარსებო მინიმუმი საგრძნობლად შეუმცირა და ხელისუფლებისგან ყურადღებას და თანადგომას ითხოვენ.