ლავასოღლის მხარდამჭერები სარფთან ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან

0
420

ბათუმში, აჭარის პროკურატურასთან მესამე დღეა 15 ადამიანი შიმშილობს „კანონიერი ქურდის“ მინდია გორაძის (ლავასოღლის) თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით, აქციის სამ მონაწილეს პირი აქვს ამოკერილი.

ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები მოითხოვენ, რომ მან სასჯელი საქართველოში მოიხადოს და ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ არ სურს ქართულ საპატიმროში ლავასოღლის ყოფნა.

ოჯახის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ 2018 წლიდან თურქეთის მხარემ საქართველოს მიერ ძებნილი ლავასოღლი სამჯერ დააკავა და ამჟამად სტამბოლის ციხეში, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებთან ერთად იმყოფება: „ჩვენ ვუყიდით ბილეთს და მოახდინონ ექსტრადიცია. ეს მოთხოვნა წელიწად-ნახევარია გრძელდება. საექსტრადიციო ვადას თურქეთში 6 თვე აქვს. ექვსი თვე გადის და იმავე დღეს, ისევ იჭერენ. ასე მოხდა უკვე სამჯერ. ამიტომ ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მოთხოვნა, ქართულ ციხეში მოიხადოს სასჯელი. მაგრამ ჩვენი ქვეყანა არ ახდენს. იქ თურქეთში სასჯელს არ იხდის, ის დღეები მას არ ეთვლება“.

დღეს, 15:00 საათზე, ამოიწურა იუსტიციის სამინისტროსთვის ოჯახის მიერ წარდგენილი ულტიმატუმის ვადა, მაგრამ პასუხი არც ახლა მიუღიათ , ამიტომ აქციის მონაწილეებმა დღეს ნინოშვილის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და სარფთან ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

საქართველოში მინდია გორაძის (ლავასოღლი) სასამართლო პროცესი 2017 წლიდან დაიწყო. თავად ლავასოღლი თურქეთში იმყოფებოდა. 2018 წლის ივლისში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის აპრილში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით, ლავასოღლის დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლავასოღლის ექსტრადიციის მოთხოვნით, მისი ოჯახის წევრებმა აქცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ გამართეს. 2020 წლის იანვარში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ჯერ კიდევ 2018 წლის 27 ნოემბერს მიმართა.

წინა სტატიაეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში დღესაც არ მივიდა
შემდეგი სტატიასპეციალური საინფორმაციო გამოშვება ანტი-covid-ი [გადაცემა-35] [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური