17 წლის მარიამ ნარმანია ა/ო „აფხაზეთი ჩემი“-ს მოხალისეა, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდი ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, სახლში გამოკეტილს, გაუჩნდა იდეა აქ თავისუფალი სივრცე მოეწყო და მისთვის საყვარელი საქმე ეკეთებინა. ძველი ნაჭრებისგან ქველმოქმედების სახით პირბადეები შეეკერა და მშობლიურ აფხაზეთში გაეგზავნა. თავისუფალ დროს განტვირთვის მთავარი ადგილი სწორედ ეს სივრცეა. უყვარს ხატვა, იყენებს გუაშს, ფანქარს, ძირითადად პორტრეტები იზიდავს, იშვიათად, მაგრამ ხატავს პეიზაჟსაც. ტკივა ის ქართველები, რომლები აფხაზეთში ცხოვრობენ და დაუცველად გრძნობენ თავს, დევნილი გოგონა ამბობს, რომ მცირედითაც თუ შეძლებს მათ დახმარებას, ჩათვლის, რომ ერთი აგური მანაც დადო სადღაც, კარგი საქმის კეთებაში. მარიამის სახელოსნო მისი თანატოლებისთვისაც საყვარელ ადგილად იქცა, აქ ხშირად მოდიან და ხელსაქმეს სწავლობენ. მარიამს არაერთ პროექტში მიუღია მონაწილეობა, თუმცა მისთვის საინტერესო და ახალი გამოწვევა აღმოჩნდა ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის პროექტი „კავკასიური სახლი“, სადაც სხვადასხვა თემაზე ონლაინდისკუსიებს ესწრება. 17 წლის მოზარდმა პანდემიის დროს საკუთარ თავში კიდევ ერთი ჰობი აღმოაჩინა, ეზოს, რომელიც თვითონ მოაწყო, სხვადასხვა ყვავილები და მცენარეები ამშვენებს, ეზოში შესულ ადამიანს კი ეს მარწყვი გულგრილს არ დატოვებს. მარიამი ამბობს, რომ მისი გატაცება ახლა მეწარმეობაა, თუმცა ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომელ მიმართულებას აირჩევს. სანამ აფხაზეთში, მისი ოჯახის ძირძველი სახლის ეზოს გალამაზებას შეძლებს, მომავლის სურვილს „მარის სივრცის“ სახელოსნოს გარემოში იკმაყოფილებს, სჯერა რომ ოდესმე სიზმრად ქცეულ ნატვრას აისრულებს და აფხაზეთში დაბრუნებული სულის ტკივილს მშობლიურ მიწაზე დაიამებს
საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც 17 წლის, აფხაზეთიდან დევნილმა მარიამ ნარმანიამ პანდემიის დროს დაიწყო [Video]
Published on