“ქართული სული ევროპული თვალთახედვით”

0
1105

`15 მაისს კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა, სავსებით უნიკალური მოვლენა ჩვენს ისტორიაში _ ბიოგრაფიით, ერუდიციით, შემოქმედებით, გაუტეხელი სულით. ყოველ სფეროში, რასაც კი მისი კალამი გადასწვდა, შთამომავლობას დაუტოვა წარუვალი ღირებულებების ქმნილებანი _ ლექსი, ნოველა, ესსე, თარგმანი, რომანი. მაგრამ, პირველ ყოვლისა, ავტორია ოთხი დიდი ქართული რომანისა. ამ წიგნებით დგება იგი მარადისობის პირისპირ. რაც გავა დრო და ჟამი, კიდევ უფრო იმატებს მათი სხივთა ძალა, რადგან კონსტანტინე გამსახურდიას მიერ დაცული და ნაქადაგები რწმენა წიგნის ფურცლებიდან გადმოვიდა, მასებს დაეუფლა და აზვირთებულ ქართველ ხალხს თავისუფლების გზაზე წარუძღვა, როგორც წყვდიადიდან თავდაღწეული ნათლის სვეტი -წერს სოსო სიგუა

ყველა მწერალი თავისი დროის შვილია და კონსტანტინე გამსახურდიაც გაიტაცა ერთი მხრივ _ მოდერნიზმმა, მეორე მხრივ _ პოლიტიკამ. მოდერნიზმი დიდი ინტელექტუალური მოძრაობა იყო, რომელმაც შეაღწია ყველა კულტურულ ცენტრში და ყველგან ინდივიდუალური სახე მიიღო. კონსტანტინე გამსახურდიამ იგი გაიაზრა როგორც ესთეტიკური უნივერსალიზმი, რაც ნიშნავდა განახლებას, უახლესი იდეებისა და ფორმების დამკვიდრებას, ხოლო პოლიტიკას უკავშირებდა სამშობლოს თავისუფლების იდეას, რუსეთის იმპერიის დაშლას. „დინამიტით უნდა ავაფეთქოთ ძველი მიწა და ძველი იდეალები“, _ წერდა იგი 1924 წელს, პარიზიდან დაბრუნების შემდეგ.

კონსტანტინე გამსახურდიამ, ისევე როგორც გრიგოლ რობაქიძემ, ღმერთთან მორკინე გერმანიას მიაპყრო მზერა და ექსპრესიონისტული სულით განიმსჭვალა. მაგრამ ხელოვნების ეს ახალ აისი, წარმოედგინა არა მხოლოდ როგორც სტილი, არამედ როგორც ეთიკა და რელიგია. იგი იქცა ღირებულებათა გადაფასების მთავარ პუნქტად. ექსპრესიონიზმი პანაცეა არ ყოფილა, ისევე როგორც დიონისო და ქრისტე და თავის მიერვე უარყოფილ სიმბოლიზმსაც დაესესხა.

სიტყვის განახლება, ხელახალი განედლება მწერლისათვის იყო ქართული სულის რენესანსი, სტილისა და იდეების უნივერსალიზება, წმინდა ხელოვნების დაცვა, იმ უცხო სახელების პროპაგანდა, რომლებიც საუკუნეთა სიღრმიდან ანათებდნენ, მაგრამ ქართლის მთებამდე ვერ მოეღწიათ. ამიტომ ქადაგებდა ევროპიდან მობრუნებული ჭაბუკი მისტიციზმს, მკითხველს აცნობდა გოეთესა და დანტეს, ნიცშესა და დოსტოევსკის, შპენგლერსა და უიტმენს, მათ ლანდებს ქართულ მიწაზე ასახლებდა; განიხილავდა რასისა და ენის პრობლემათა მოზაიკას, ინდურ ფილოსოფიას, ანტიკურ კულტურას, გეორგესა და რილკეს უჩვეულო პოეზიას, ფრანსისა და ჰამსუნის პროზას…

მისი მხატვრული კონცეფცია ემყარებოდა წარმართულ და ქრისტიანულ მისტიკას, ანტიკურ და ქართულ მითოლოგიას, ფრ. ნიცშეს სიცოცხლის ფილოსოფიას, ზ. ფროიდის ფსიქოანალიზს, შოპენჰაუერსა და ვაგნერს, იმპრესიონიზმს, ექსპრესიონიზმსა და სიმბოლიზმს. ხოლო ამ ინფორმაციის საფუძველი იყო ქართული ტრადიციები _ ჰაგიოგრაფია და ვეფხისტყაოსანი, ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა. ებრძოდა უტილიტარულ განმანათლებლობას, რომელსაც დაკნინებისაკენ მიჰყავდა ესთეტური და ნაციონალური სული. ამიტომ გადაეხლართა ერთმანეთს ასე მტკივნეულად კულტურა და პოლიტიკა, რაც მისი ნააზრევის განმსაზღვრელად იქცა, როგორც შინაგანი ძალის ძახილი. სასოწარკვეთილი, დამარცხებული სამშობლოსათვის ხელოვნება უნდა ყოფილიყო აღთქმული ქვეყანაც, სიტყვაში _ ყოფიერების სახლში ქართული სულის შემნახველი და გადამრჩენი. ამიტომ გადმოისროლა მებრძოლი ლოზუნგები _ `ღირებულებათა ხელმეორედ შეფასება~, `ქართული სულის რენესანსი, `ქართული კულტურის დიქტატურა, რადგან როცა ერთი ჰკარგავს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მან უნდა გაამძაფროს კულტურის ფრონტი, გადაარჩინოს სასიცოცხლო იდეები, მოამზადოს ასპარეზი ახალ ძალთა მოსავლენად.

დისტანციის პათოსიც ამავე მიზანს ემორჩილებოდა, ოღონდ დისტანციას ხალხისაგან კი არ იცავდა, არამედ ასე იცილებდა ბოლშევიზმის დამთრგუნველ ძალას, რათა ჰეროიზმით, პათეტიკით, გმირული ცხოვრების კულტით გაემხნევებინა გულგატეხილი მოქალაქენი, აღედგინა თეთრცხენოსანი რესპუბლიკის დაცემით დაკარგული რწმენა და იმედი. კონსტანტინე გამსახურდია არაერთხელ მიგვითითებს, რომ ხელოვანი არის მითების მთხზველი. „ტაბუში“ მთელი კოდექსია გადმოცემული; „მთვარის მოტაცებაში“ შემოქმედს „მითოსის მთხზველი“ ეწოდება; „დიდოსტატის მარჯვენის“ ამბავი „ნათელ მითად“ არის მონათლული; „შუბლით ვეხლებით ახალ დროს; მისი საუკეთესო ეპიტაფია: მითოსს მოკლებული დრო“, წერდა 1924 წელს. მოდერნი უნდა დაყრდნობოდა „ელადასა“ და „რომს“. მაგრამ დიდი ადამიანის ცხოვრებაც თავისთავად არის მითი. ამ დებულების რეალიზებაა მისი შემოქმედება. მითი და სიმბოლო კი ერთმანეთისაგან განუყრელია. ასე გააერთიანა ესთეტიზმი და სამშობლოს ბედისწერა.

კონსტანტინე გამსახურდიას აზროვნებაზე რამდენიმე ფაქტორმა იქონია ძლიერი ზეგავლენა და ჩამოუყალიბა მწერლის თვალთახედვა. პირველი იყო, როგორც ვთქვით, გერმანული კულტურა, მეორე – `საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის დაარსება ევროპაში, რომლის წევრიც გახდა. მესამე – 1920 წლის იანვარში ჩასვლა მარადიულ რომში, წარმართობისა და ქრისტიანობის ცენტრში, რამაც მისი ინტერესი ხელოვნებისაკენ წარმართა.

მეგზური აქაც ფრიდრიხ ნიცშე იყო _ „ზარასტუსტრასა“ და „ძალაუფლების ნების“ ავტორი. მაგრამ მალე დაეშვა სამშობლოს სამფეროვანი დროშა და კონსტანტინე გამსახურდია ისევ პოლიტიკამ გაიტაცა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის ჯარმა დაიკავა თბილისი, მოხდა საქართველოს ანექსია და დაშლა. ამ ტრაგიკულ ფაქტს მწერალი ვერ შეეგუა. ნოველებში, ესეებში, ზეპირ გამოსვლებში, თავის ჟურნალებსა (ილიონი, ლომისი) და გაზეთში (საქართველოს სამრეკლო) იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას, აცხადებდა ქართული კულტურის დიქტატურას. ამის გამო ბოლშევიკებმა ორჯერ ჩასვეს მეტეხის ციხეში (1922, 1924). შემდეგ კი გაასახლეს თეთრ ზღვაში მდებარე სოლოვკის არქიპელაგზე (1926_1927), როგორც გერმანიის აგენტი.

იგი გერმანულ კულტურაზე იყო აღზრდილი, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა უცხო იდეებისა და მოდელების ქართულ სულთან მისადაგებას ანუ ქართული მასალის ევროპული თვალთახედვით წარმოდგენასა და გააზრებას, მაშინაც კი, როცა საბჭოთა ხელისუფლება აღიარებდა მხოლოდ სოციალისტური რეალიზმის ლიტერატურას. ამიტომ სწუხდა მწერალი, მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობა „ობლასტნაია ლიტერატურად“ უნდათ აქციონო. ევროპული კულტურა მისთვის იყო ბარიერი რუსული ბოლშევიზმის შესაჩერებლად და გასანეიტრალებლად, ქართული სულის თვითმყოფადობის გადასარჩენად. საუბედუროდ, ახალი დრო არ სცნობდა ოპოზიციონერებს. ის მათ აპატიმრებდა და ხვრეტდა. ამიტომ იძულებული იყო ლიტერატურას შეფარებოდა, თავისი აზრი სიმბოლოებითა და ალეგორიებით შეემოსა, გამოესხა სიტყვის ფრთები, სიტყვა ექცია ნაციონალური ბრძოლის იარაღად

წინა სტატიაროგორ უმკლავდება კრიზისს 24 წლის მარიამ ქობალია და რა ზარალი მიადგა მეწარმის ვარდების სათბურს [Video]
შემდეგი სტატიაკულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩნენ [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური