აამონარიდები ნანა გეგეჭკორის უნტერვიუდან, რომელიც მან რადიო ,,თავისუფლებას” მისცა
ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტალში მუშაობს. ეს კლინიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-სამედიცინო ცენტრია, რომელიც კოვიდ-19-თან ბრძოლაშია ჩართული. მაიმონდის ჰოსპიტალი ათასობით სხვა ამერიკულ ჰოსპიტალს შორის სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლებითა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში განსაკუთრებული მიღწევებით გამოირჩევა.
ნანა კარდიოლოგია. ამ კლინიკაში ზოგადი მედიცინის კურსის გასავლელად მივიდა და მოულოდნელად ყველაზე საინტერესო და სევდიან პროფესიულ თავგადასავალში აღმოჩნდა. კარდიოლოგიას ივნისიდან დაუბრუნდება, მანამდე კი კოლეგებთან ერთად ახალ ვირუსს ებრძვის.
ნანა ამბობს, რომ მათ კლინიკაში მხოლოდ ძალიან მძიმე პაციენტები ხვდებიან, რომელთა ნახევარზე მეტს მართვითი სუნთქვის აპარატზე შეერთება გარდაუვლად სჭირდება. ასეთი პაციენტების სიმრავლის გამო შედარებით მსუბუქი ფორმით დაავადებულები სახლში მკურნალობენ. ასე იმკურნალა თავადაც, როცა ვირუსთან ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ კლინიკაში დაინფიცირდა. ხუთი დღე მკურნალობდა სახლის პირობებში და მაღალი ტემპერატურის ბოლო ეპიზოდიდან 72 საათში ისევ დაუბრუნდა კლინიკას – ამ ახალ რეალობაში დასვენებისა და ძალების ბოლომდე აღდგენისთვის ექიმებს ბევრი დრო არ რჩებათ, პაციენტები ელოდებიან. ნანა ერთ-ერთია იმ უამრავ ექიმს შორის, რომლებიც დაინფიცირდნენ – მათი რიცხვი ყველა ქვეყანაში საკმაოდ ბევრია. უბრალოდ, ზოგს შედარებით უმართლებს, როგორც ნანას, და მსუბუქი ფორმით ხვდება ვირუსი, ზოგს ნაკლებად და რეანიმაციაშიც კი ხვდება – ასე დაემართა ნანას არაერთ კოლეგას მისსავე ჰოსპიტალში.

ნანა, როგორია თქვენი სამუშაო გრაფიკი ახლა, როცა კლინიკის ყველა ადგილი კოვიდ-19-ით ინფიცირებულმა ადამიანებმა დაიკავეს?
დღეში ოფიციალურად თორმეტ საათს ვმუშაობ, თუმცა რეალურად 14-15 საათი გამომდის. მე მომიხდა პაციენტთა პირველივე ნაკადის მიღება. თხუთმეტი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი დასვენების დღე მქონდა. მერე სხვა დეპარტამენტების მედიკოსთა გადამზადებაში ჩავერთე. ეს მძიმე დღეები იყო. პირველ ხანებში სიკვდილიც მეტი იყო. ნელ-ნელა ჩვენც ვისწავლეთ, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შემცირდა და გრაფიკიც შეიცვალა. ახლა ოთხი დღე ვმუშაობთ, სამ დღეს კი ვისვენებთ, თუმცა ამ სამი დღის განმავლობაში მაინც მზადყოფნაში ხარ – ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს საჭირო ვინმეს ჩანაცვლება და შეიძლება გამოგიძახონ. როგორც ჩანს, ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი, მართლაც, არ ჰქონია.
ამბობთ, რომ ახლა მთელი კლინიკაა ჩართული კორონავირუსით ინფიცირებულთა მოვლაში. როგორ გადააწყვეთ ჰოსპიტლის სტრუქტურა?
მთავარი განსხვავება ქართულ და ამერიკულ სისტემებს შორის, ალბათ, ის არის, რომ ინფექციონისტებს უშუალოდ პაციენტებთან შეხება თითქმის არ აქვთ. აქ ძალიან დიდია უფროსი რეზიდენტებისა და კლინიკური მედიცინის ფელოუების როლი, მეტია მათი დამოუკიდებლობის ხარისხი და მომზადების დონეც. რეზიდენტს სწავლების მესამე წელს დამოუკიდებლად შეუძლია და უფლებაც აქვს მართოს ნებისმიერი სირთულის პროცესი. ამერიკული წვრთნა ამის საშუალებას იძლევა. ახლანდელი უფროსი რეზიდენტები, ფაქტობრივად, ორიოდე თვეში ოფიციალურად ლიცენზირებული, დამოუკიდებელი პროფესიონალები გახდებიან. ჩვენთან ერთად მუშაობენ ინტერნები, რომელთა სწავლების ვალდებულებაც გვაქვს კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად. ყველას ერთად კი ზურგს გვიმაგრებენ უფროსი ექიმები, რომლებთანაც შეგვიძლია განსაკუთრებულად რთული შემთხვევების განხილვა.
ჰოსპიტალს სამოქმედო გეგმა ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის მიღებამდე. მიუხედავად ამისა, პროცესი მაინც არ იყო მარტივი და უმტკივნეულო. პირველი ახალშექმნილი კოვიდ-განყოფილება მალევე შეივსო და ცხადი გახდა, რომ ყველა დეპარტამენტს მოუწევდა გადაწყობა. თუ მანამდე ჰოსპიტალში 710 საწოლი იყო, ეს რიცხვი მალევე 1400-მდე გაიზარდა. ამან საშუალება მოგვცა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 1500-ზე მეტი პაციენტისთვის გაგვეწია დახმარება. ყველა პაციენტი, ვისაც მოვემსახურეთ ან ამჟამად გვყავს კლინიკაში, ინტენსიურ თერაპიას საჭიროებდა. ნიუ-იორკში, ინფიცირებულთა სიმრავლის გამო, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები ძალიან მკაცრია – მხოლოდ გამოხატული სუნთქვის უკმარისობა და დიაგნოსტიკურად დადასტურებული ფილტვის დაზიანება.

ცხადია, ვერც ერთ ჰოსპიტალს ვერ ეყოლება იმდენი რეანიმატოლოგი, ანესთეზიოლოგი ან ინფექციური დაავადების სპეციალისტი, რამდენსაც პანდემია მოითხოვს. ჩვენი ჰოსპიტლის მაგალითი აჩვენებს, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ინფექციონისტების, რეანიმატოლოგებისა და ანესთეზიოლოგების არარსებობაზე ჩივილი არასწორია, ვინაიდან კარგად გადამზადების შემთხვევაში შესაძლებელია სხვა პროფილის ექიმებმა სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარონ უმძიმეს პაციენტებსაც კი. ინფექციონისტებს ჩვენ მივმართავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გვჭირდება მკურნალობის ინდივიდუალურად განსხვავებული კურსის შედგენა, კონკრეტული პაციენტების ამა თუ იმ კვლევაში ჩართვაზე გადაწყვეტილების მიღება, ანტიბიოტიკების შერჩევა გართულებულ შემთხვევებში. ინფექციონისტები პაციენტს, უმეტესწილად, არ ხვდებიან. მათ აქვთ წვდომა სრულ კლინიკურ და ლაბორატორიულ სურათთან ელექტრონული ისტორიის საშუალებით და ამის მიხედვით ხდება პაციენტის მდგომარეობის საბოლოო შეფასება
თქვენ კვლევები ახსენეთ, რაც ამ ვირუსის ბუნების გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანია. რა კონკრეტული კვლევები მიმდინარეობს თქვენს ჰოსპიტალში და რა ნიშნით არჩევთ კვლევებში ჩასართავ პაციენტებს?
ჩვენთან ახლა პარალელურად მიმდინარეობს მკურნალობის რამდენიმე მეთოდის კვლევა: გვყავს ექსპერიმენტული პრეპარატის, რემდესევირის, ჯგუფი, ვიკვლევდით ჰისდროქსიქლოროქვინისა და აზითრომიცინის კომბინაციას, თუმცა რამდენიმე დღის წინ ეს კვლევა შეჩერდა იმის გამო, რომ ძლიერი ხილული გვერდითი მოვლენები ჰქონდა და პაციენტებზე ამ კომბინაციის დადებითი ზემოქმედება ეჭვქვეშ იდგა. ასევე გვაქვს პლაზმისა და ორი განსხვავებული IL-6 ინჰიბიტორის ჯგუფის კვლევა. იგეგმება ერთი, უკვე კარგად ნაცნობი პრეპარატის, კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებში გამოყენების რანდომიზირებული კვლევა, რომლის დეტალებსაც ჯერ ვერ გავამხელ, რადგან პროექტი დამტკიცების ბოლო ეტაპს გადის.