ბზობა- ბაიობა

0
1238


სვანეთსა და სამეგრელოში ბზობას „ბაიობა“ ერქვა (ასეა დღესაც), ეზო-კარსა და ყანებს ამკობდნენ ბაიას ყვითელი ყვავილებით, ხის ტოტებით, ასკილის ეკლიანი რტოებით. – წერს ეთნოლოგი ნანა ხოჭოლავა -მაჭავარიანი ბზობის შესახებ არსებული ეთნოგრაფიული ნაშრომებისა და თავისი კვლევის კომპილაციაში

ბზობა „დიდ უქმედ“ ითვლებოდ და ამ დღეს თესავდნენ მხოლოდ ლობიოს, კიტრს, სიმინდს – ბზასავით დაისხამსო.

უფროსები და ბავშვები ნაკურთხი ბზის ტოტებს ერთმანეთს სხეულზე მსუბუქად ურტყამდნენ – ბზობის დღეს გილოცავთო! ამ დღისთვის ეზო-კარს ამშვენებდნენ მინდვრის ყვავილებით, ბზისა და ტირიფის ტოტებით.

ბზობას ბავშვები “დედოფლობანას” მართავდნენ: საკუთარი ხელით ქმნიდნენ კუკნებს, დედოფლებს, საგანგებოდ ირთვებოდნენ და თავზე იდგამდნენ ბზის გვირგვინებს, სამოსზე იმაგრებდნენ ბზის ტოტებს, შემდეგ ამ თოჯინებით შემოივლიდნენ არემარეს გალობით, ცეკვა-სიმღერით. მადლიერი მეზობლებისგან საჩუქრად იღებდნენ კვერცხებს, რომელთაც აღდგომისთვის ინახავდნენ.


ამ დღეს ყველა ცდილობდა ყვავისთის თვალი არ მოეკრა – კრუხ-წიწილას დაგვიწიოკებსო.ყვავს ბზის ტოტს დაანახებდნენ – დაფრთხებიან და გადაიკარგებიანო, ლექსითაც მიმართავდნენ:
„აჰა, ყვაო, ბზა, ეგერიოს გზა,
მიტრიალდი, მოტრიალდი,
დაგვეხსენ და გატიალდი!“

ბზობის ყვავივით გაქრაო – დღესაც ამბობენ ისეთ ვინმეზე, უგზო-უკვლოდ რომ გადაიკარგება, დიდი ხნით სადმე წავა. ეს კი იმიტომ, რომ ხალხს შენიშნული აქვს,ზამთარში სოფელსა და ქალაქს შემოჩვეული მჩხავანა ყვავები ბზობა დღის შემდეგ როგორ აიყრებიან ხოლმე და შორს დიდი ხნით გადაიკარგებიან.
გუგულს ამ დღისთვის სულ სხვა რამ აქვს ჩაფიქრებული და მერცხალს ასე ეუბნება:
„აღზდეგ და წადი, მერცხალო, აღდგომის სწორსა ბზობასა,
მეც მალე წამოგეწევი, არ იყო შუაგზობასა“.


ბზობას მოჰყვება ყველაზე მძიმე, ვნების კვირა და ყველაზე ნათელი დღე – ღდგომა!
ბზობას გილოცავთ!

წინა სტატია,,როგორ შეიძლება მეუფის კურთხევა იყოს მოწოდება, რომ ადამიანმა კანონი დაარღვიოს” – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი
შემდეგი სტატია„მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს”. – პატრიარქმა მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური