„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას კორონავირუსით გამოწვეული კრიზისიდან გამოსავლის კონკრეტულ გეგმას სთავაზობს.
პარტიის ინიციატივით, იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ინტერნეტვაუჩერი უნდა გადაეცეთ.
პარტიის ერთ-ერთი წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, აღნიშნული გეგმის მიხედვით, 15 მილიონი ლარის ფარგლებში ინტერნეტზე წვდომა 90 000 მოსწავლესა და 10 000 სტუდენტს ექნება.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ იყო ჩასაფრებული პოზიციიდან. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას ვთავაზობთ ინიციატივებს და ძალიან კონკრეტულ, რეალისტურ გეგმებს, რომლის განხორციელების შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათები ექნებათ. დღეს მინდა ჩვენი ანტიკრიზისული ვაუჩერის მეორე ეტაპის კონკრეტული ინიციატივა წარმოგიდგინოთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის. დღეს გესაუბრებით ინტერნეტ ვაუჩერზე, რომელიც აუცილებელია გადაეცეს ყველა იმ ბავშვებს, მოსწავლეს და სტუდენტების ნაწილს, ვინც ვერ ახერხებს ინტერნეტთან წვდომას და არ აქვს ელემენტარული წვდომა ჩვენი ცივილიზაციის საერთო სიკეთესთან, განათლებასთან. სრულიად რეალისტურია, რომ საქართველოში 90 ათას მოსწავლესა და 10 ათას სტუდენტს დაურიგდეს ინტერნეტ ვაუჩერი. ბევრია ოჯახი, ვისაც არ შეუძლია პირველადი გადახდა და შემდეგ ამ კომუნიკაციებით სარგებლობა. ხელისუფლებას და საზოგადოებას, ამ მძიმე კრიზისის ფონზე ვთავაზობთ კონკრეტულ ინიციატივას, ეს არის ანტიკრიზისული ვაუჩერის მეორე პუნქტი, ინტერნეტ ვაუჩერი, რომელიც 15 მილიონი ლარის ფარგლებში დაურიგდება 90 ათას მოსწავლეს, ვინც არინ სოფლებში და 10 000სტუდენტს, რომელთაც არ აქვთ საშუალება ონლაინ კლასები აწარმოონ“,- განაცხადა დეკანოიძემ.