დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევაც დაფიქსირდეს.
მისი თქმით, ინფექციურ საავადყოფოში დაკვირვების ქვეშ არის 29 მოქალაქე, აღებულია 24 სინჯი და პასუხებს ელოდებიან.
ამ დროისთვის საქართველოში კარანტინში იმყოფება 87 ადამიანი, აქედან 31 საჩხერეში, 21 აბასთუმანში და ასევე, გამოიყო ბავშვთა განყოფილება ტუბცენტრში, რომელიც იზოლირებულია ძირითადი შენობისგან და იქ არის 35 ადამიანი.
ადამიანებს, რომლებიც საქართველოში შემოდიან იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც კორონავირუსის მაჩვენებელი მაღალია და განსაკუთრებით ჩრდილოეთ იტალიიდან, ამირან გამყრელიძე აძლევს რეკომენდაციას, თუ სიმპტომები არ აღენიშნებათ, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ. იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდში ექნებათ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მიმართონ ექიმს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, 28 თებერვალს კი მეორე შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. პირველი ქვეყანაში აზერბაიჯანიდან შემოვიდა და ის საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მეორე შემთხვევაში კი ჩრდილოეთ იტალიიდან შემოსულმა საქართველოს მოქალაქემ ინფექციურ საავადმყოფოს მხოლოდ მეორე დღეს მიმართა, რადგან მანამდე სიმპტომები არ ჰქონდა.