,,ერთ კითხვასაც არ გისვამენ, დარბაზში არ ჩერდებიან, რომ მოგისმინონ“… – ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რატომ არ მივიდა პარლამენტში

0
436

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, თუ რატომ არ მივიდა დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის“ ფორმატში ვრცლად ისაუბრა თემებზე, რომლებთან დაკავშირებითაც კომიტეტზე იყო დაბარებული.

„მე არ დავარქმევდი, რომ პარლამენტში მისვლას თავი ავარიდე. მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ჩემი აზრით, ამ საკითხს უნდა შევხედოთ შემდეგნაირად: სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის” ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი პრაქტიკულად, შეკითხვებზე პასუხის გაცემას დავუთმე და მანამდე წერილიც კი გავაგზავნე კომიტეტში, რომ გამოვდიოდი „მინისტრის საათზე“ და იქ გავცემდი ყველაფერს პასუხს, თუ რამე დამატებითაც იქნებოდა საჭირო, თანახმა ვიყავი კიდევ მივსულიყავი. თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად, დარბაზი დატოვეს, არც კი იყვნენ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, პასუხი არ აინტერესებდათ, უფრო სწორად მიაჩნიათ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატი ალბათ, იძლევა მეტი სპეკულირების საშუალებას.

მეორე, როდესაც საუბრობენ, რომ ესაა პარლამენტის უპატივცემულობა, გეტყვით, რომ გადახედეთ და მოიკითხეთ ჟურნალისტებმა, ბოლო 4 თვის განმავლობაში 4-ჯერ ვიყავი პარლამენტში – გინდათ, ბოლო 6 თვე აიღეთ, გინდათ, 2019 წელი აიღეთ და ნახეთ, ამ კი არა, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში? ყველაზე მეტჯერ ვარ მისული სხვადასხვა ფორმატში.

როდესაც სამი დღის წინ ზუსტად იგივე საკითხებზე დეტალურად ვსაუბრობდი, ერთ კითხვასაც არ გისვამენ, დარბაზში არ ჩერდებიან, რომ მოგისმინონ“… – განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრის განცხადებით, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება არაერთხელ დაამტკიცა და ეს მისი პარალმენტში მისვლების სტატისტიკიდანაც ჩანს. „ფაქტია, რომ ეს ანგარიშვალდებულებისთვის არ არის. ესაა რაღაცის მოსაწყობად და ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდათ“,-აცხადებს მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ   განმარტა, არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება  ივანე მაჭავარიანმა მას ამ დილით აცნობა.

წინა სტატიაოპოზიცია და მისი მხარდამჭერები იპსოს კვლევებში ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მიერ ნაჩვენებ შედეგებს ეხმაურებიან
შემდეგი სტატია,,მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება” – ფინანსთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 1 კოლოფი სიგარეტის ფასი 15 ლარამდე აიწევს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური