ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა , გაიყიდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფუნქციოდ მყოფი შენობის პრივატიზებას გეგმავს. დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ამ საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს.
„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, პარლამენტის არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს? განათლება, მედიცინა, ლოგისტიკა და კიდევ ბევრი რამ და არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, – განაცხადა გახარიამ ,,ინტერპრსიუსთან” საუბარში
ოპოზიცია თვლის, რომ პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვა დანაშაულია.
როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ვარაუდობს, ,, გამორიცხული არ არის, რომ შენობა ხელისუფლებამ დაბალ ფასში გაყიდოს.„ვის მიყიდის მთავრობა ამ შენობას?! არასერიოზულია. ეს შენობა დაჯდა ორჯერ უფრო იაფი, ვიდრე დღეს მისი აშენებაა შესაძლებელი. თუ გაყიდიან, ვიღაცას ჩალის ფასად მიყიდიან. დიდი გამოცნობა არ უნდა, თუ ვინ, ან ვისთან დაახლოებული პირები იყიდიან. ” – აცხადებს იგი.
,,შესაძლებელია თუ არა, ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვა, ეს არ ვიცი, მაგრამ ზოგადად, მყიდველი ყველას და ყველაფერს მოეძებნება. თუმცა, ვთვლი, რომ ეს იქნება კიდევ ერთი მორიგი დანაშაული ქვეყნის წინაშე”- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე პარლამენტის ყოფილი შენობის შესაძლო გაყიდვას.
მისი თქმით, პარლამენტის შენობის გაყიდვის იდეა იმას ნიშნავს, რომ თბილისში არსებულ სტრუქტურებს ვერ წარმოუდგენია, რომ რაიმე ტიპის სერიოზული სტრუქტურა თბილისს გარეთაც შესაძლოა არსებობდეს. ბობოხიძის აზრით, ამგვარი მიდგომა საბჭოთა სტერეოტიპების აზროვნების შედეგია, რომელიც ქვეყანას დაღუპავს.
„არ ვიცი გაიყიდება, თუ არა ეს შენობა, მაგრამ არ უნდა გაიყოდოს! საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ თავი დაანებოს ამაზე ფიქრს და არჩევნების შემდეგ ეს გადაწყვიტოს იმ მთავრობამ, რომელიც „ქართული ოცნების“ შემდეგ საქართველოს ეყოლება“, – განაცხადა ბობოხიძემ.
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის შენობის შესაძლო გასხვისების საკითხს ხელისუფლების არაკომპეტენტურობას უკავშირებს.
დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ პროცესს, რომელიც ეკონომიკის მიმართულებით ხორციელდება. რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს, ეს არის არაკომპეტენტურობის და უცოდინარობის პიკი. მარტივად რომ ავიღოთ, მათ ვერ გაასხვისეს რიყეზე მდებარე ორი შენობა და ამდენი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად ბაყაყების საცხოვრებელ ადგილად გადაიქცა. როცა გასხვისების უნარი არ გაქვს, მაშინ უნდა გააკეთო ისეთი რამ,რაც მოსახლეობას გამოადგება. 8 წელია იქაურობა ლპება. სჯობდა, რომ ან საბავშვო მუზეუმი გაეხსნათ ან რაიმე სხვა მუზეუმი. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი ტურისტები და მოსახლეობაც ისარგებლებდა. პრაქტიკულად, ასეთი ბევრი ქონება უპატრონოდ არის მიტოვებული და ეს არის ფიქცია.
საქართველოში ინვესტიცია არის დაცემული, ამ მთავრობას საერთაშორისო და ქართველი ინვესტორები არ ენდობიან, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. შესაბამისად, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ ისინი შენობას გაასხვისებენ”. მისი თქმით, ,,ლელო”ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამ შენობაში საერთაშორისო საფონდო ბირჟის განთავსებას გეგმავს. ეს კი ქუთაისში ძალიან სერიოზულ ფინანსურ ცენტრს და ბევრ, მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილს შექმნის ამ ცენტრისა და საფონდო ბირჟის გარშემო.