ისტორიული და საარჩევნო პროცესის დასაწყისი – ოპოზიცია 4 აპრილს მასშტაბური აქციისთვის ემზადება

0
402

 სტრატეგიის ნაწილი ცნობილია – კიდევ უფრო ახლო კონტაქტი ხალხთან და საერთშორისო საზოგადოებასთან. გუშინდელ შეხვედრაზე თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა, რომ არჩევნებზე ხელისუფლებას ერთიანი ძალით დაუპირისპირდება და მაქსიმალური შედეგის მისაღებად ყველა ოლქში საერთო მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება. თუმცა დედაქალაქსა და რეგიონებში ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აპრილამდეც გამოვლენ. დაგეგმილია შედარებით ნაკლებად მასშტაბური აქციებისა და პიკეტირების მოწყობა. ისტორიული და საარჩევნო პროცესის დასაწყისი – სწორედ ასე უწოდებს ოპოზიცია 4 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ მასშტაბურ აქციას, სადაც საზოგადოებას მათი სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. 

“4 აპრილს 4 საათზე გაიმართება დიდი აქცია თბილისში რუსთაველზე ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შეთანხმება. ასევე ვისაუბრეთ რომ გაღრმავდება კოორდინაცია და თანამშრომლობა ოპოზიციას შორის მათ შორის მაჟორიტარებზე შეთანხმების თვალსაზრისით,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შეუძლებლობაზე საუბრობს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე:

“როდესაც ხელისუფლება ერთის მხრივ იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს შეუძლებელია მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ეს არის დაახლოებით იგივე პრინციპი, რომ ტერორისტებს არ ელაპარაკებიან. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი მიზნებისთვის სხვა მეთოდებით, მათ შორის მეთოდებით, რომელიც გულისხმობს აქტივობებს თბილისში და რეგიონებში,” – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას თქმით, სწორედ 4 აპრილს გაცხადდება ხელისუფლების შეცვლის კონკრეტული გეგმა :

“4 აპრილს, 4საათზე რუსთაველზე გაცხადდება კონკრეტული გეგმა არსებული რეჟიმის შეცვლის, ასევე მანამდე გაიმართება რეგიონებში და თბილისში პიკეტირებები,” – განაცხადა გუგავამ

ევროპელი დემოკრატების ლიდერის თქმით, ხელისუფლების ქმედებების გამო პოლიტიკური პროცესები ისევ ქუჩაში გადავიდა:

“ვნახეთ, რომ შეუძლებელია დიალოგის წარმოება ამიტომ პროცესები სამწუხაროდ ისევ ქუჩაში გადავიდა,” – განაცხადა პაატა დავითაიამ, მისი თქმით, აქციები და პიკეტირებები გაგრძელდება, თუმცა მთავარი აქცენტი მიმართული იქნება 4 აპრილის მასშტაბურ აქციაზე და რეგიონებში აქტიურობაზე.

წინა სტატიაამერიკის შტატში სექსი დასჯადი აღარ იქნება
შემდეგი სტატიაის მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ქვეყანამ დასავლური კურსი არ შეცვალოს, გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური