თომაფალო – დალალმზე და თამარის მოკვეცილ თმებს გაყოლილი გენეტიკური კოდი

0
1568

ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა”

თმა, როგორც ძვალი, ინახავს გენეტიკურ კოდს და კავშირებს წარსულთან და წარმომშობ სამყაროსთან, ამიტომაც უფრთხოდნენ მეგრელები  თმის მოჭრას, რაც საკუთარ თავზე, საკუთარ ფესვებზე  უარის თქმის ტოლფასი იყო და დასაძრახ   საქმედ  – ძვალის სატახოდ ითვლებოდა. და აქ, არ შეიძლება არ გაგახსენდეს კოლხური ფეტიშიზმის მოტრფიალე თარაშ ემხვარი: ,,თუ თმებს მოიკვეც, თამარ, ჩემი სახელი აღარ ახსენო, იცოდე.“  და ბოლოსდაბოლოს ოქროს საწმისიც ხომ თმა არის, ანუ გენეტიკური კოდი, რომელიც მედეამ უცხოს გაატანა  

კოლხურ მითოსურ სამყაროში, იდუმალი და საშიშარი მშვენებით ანათებს წყარიშ დიდას, კაჟინას, ტყაშ მაფას, ქალი მესეფის, მზოღაშ კულანის ოქროსფერი თმები, ჩვენს მითიურ ტყეებსა და გამოქვაბულებში სახლობენ ბანჯგვლიანი ოჩოკოჩები, ქაჯები, დევები, შავ თმებს მიაფრიალებენ ტაბაკონისკენ საწნახლებზე, ცოცხებზე, მგლებზე გადამჯდარი კუდიანები.

მათ  მთელი მითიური ხანის მანძილზე თმებს უკვეცენ, ბანჯგვლებს უტრუსავენ, მდინარეში თმებით ჰკიდებენ თავიანთ შიშზე ამაღლებული ადამიანები. ისინი კი კვლავ პირველქმნილი სიცხადით განაგრძობენ სიცოცხლეს, რადგან მათ თმებსა და უხეშ ჯაგარში დევს ამოუწურავი სასიცოცხლო ძალა და ენერგია, რომელსაც ისინი კოსმოსიდან, წყლიდან, ციდან, ქვესკნელიდან, ანუ თავიანთი წარმომშობი ამა თუ იმ სტიქიებისგან და საბრძანისიდან ისრუტავენ მისი მარადიული განახლების უნარის წყალობით. თუმცა ეს სტიქიები წარმოშობს მძლავრი კეთილი საწყისის ზღაპრულ არსებებს,  ღმერთებს და ღვთაებებსაც.

ღვთაებრივად ლამაზი თმების სიკეთესთან წილნაყარ სიმბოლიკას უკავშირდება ყამარისა და ზესნახეს, ბჟაუძირაფუს მშვენიერი სახეებიც, რაც ანეიტრალებს, ახუნებს ალისა და ტყაშ მაფას თმების საშიშ ელვარებას. ყამარისა და ბჟაუძირაფუს ოქროს დალალები მზესთან არის წილნაყარი და, კოშკიდან მზის ჩანჩქერივით გადმოშვებული, იერთებს შიბის –  ცისა და მიწის შემაერთებელი ჯაჭვის კეთილშობილ ფუნქციას და სიმბოლიკას. 

როგორც ვხედავთ, თმის სიმბოლიკა მრავალფერია და მრავალშრიანი, ასეა ეს ყველა ხალხის უძველეს რწმენა–წარმოდგენებში და ჩვენს მითებსა და ზღაპრებშიც ერთდროულად გვევლინება როგორც ბოროტი, ისე კეთილი არსებების ღვთაებრივ, მიღმიერ ატრიბუტად. ამ ორმაგი, დუალისტური აღქმის მიზეზი უნდა ვეძიოთ ძველი ღმერთების აღზევებასა და დამცრობის ხანათა მონაცვლეობაში, ხშირად ეს სიმბოლიკა იცვლებოდა ან თანაარსებობდა, როგორც ფილოსოფიური საზრისის, ისე ესთეტიკის, სილამაზისა და სიმახინჯის კრიტერიუმების ზეგავლენით. (სიმახინჯის ესთეტიკა ხომ საერთოდ განსაკუთრებული მოვლენაა, მაგრამ ამაზე შემდეგ)

კოლხურ მითებში თმა ინახავს მითიური არსების სიცოცხლის ამოუწურავ, მარად განახლებად ძალასა და ენერგიას, თმა არის ხილული ხატი მათი საკრალურობისა და განსხვავებულობისა ჩვეულებრივ მოკვდავთაგან, თუმცა, თმა, თუ უკვდავების ძალას არა, მძლავრ სიცოცხლის ენერგიას ანიჭებს ჩვეულებრივ მოკვდავსაც, ენერგიას, რომელიც ფეთქავს მისი გარდაცვალების შემდეგაც – ამის ხილული ნიშანია თმა–წვერის ზრდა ახალგარდაცვლილი ადამიანის ცხედარზე ( თუმცა მეცნიერება ამს ცოტა სხვაგვარად ხსნის) და ისიც, რომ თმა გაცილებით დიდხანს რჩება უხრწნელი, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილები, თვინიერ ძვლისა, რომლის სახესხვაობასაც წარმოადგენს იგი.

 ჩვენ თმის სიმბოლიკის ორმაგი ხასიათი ვახსენეთ – ამის დასტურია მის მიმართ სხვადასხვა ეპოქის კულტმსახურთა დამოკიდებულება. თუთაშები ჩვენს რწმენა–წარმოდგენებში დარჩნენ თავგადაპარსული სახით, რადგან იმ შორეულ ხანაში თმასთან გამოთხოვება, უფრო მეტიც მთელი სხეულის გაპარსვა იყო სიმბოლო ამქვეყნიური ცხოვრების უარყოფისა, თვითუარყოფისა, სასიცოცხლო ძალაზე უარის თქმისა და ღვთისადმი მორჩილებისა. 

თუმცა იგივე თუთაშები გარკვეულ ეტაპზე თმას განიხილავდნენ როგორც ერთგვარ აკუმულატორს, რომელიც კოსმიური ენერგიით კვებავდა ადამიანის ტვინსა და გონებას, შესაბამისად, მოშვებული თმა ან გადაპარსულ თავზე დატოვებული თმის ერთი კულული ასრულებდა ანტენის როლს და აძლიერებდა ამქვეყნიური ცხოვრებისგან განდგომილი ადამიანის კავშირს მიღმიერ სამყაროსთან.

თმა, როგორც ძვალი, ინახავს გენეტიკურ კოდს და კავშირებს წარსულთან და წარმომშობ სამყაროსთან, ამიტომაც უფრთხოდნენ მეგრელები  თმის მოჭრას, რაც საკუთარ თავზე, საკუთარ ფესვებზე  უარის თქმის ტოლფასი იყო და დასაძრახ   საქმედ  – ძვალის სატახოდ ითვლებოდა. და აქ, არ შეიძლება არ გაგახსენდეს კოლხური ფეტიშიზმის მოტრფიალე თარაშ ემხვარი: ,,თუ თმებს მოიკვეც, თამარ, ჩემი სახელი აღარ ახსენო, იცოდე.“  და ბოლოსდაბოლოს ოქროს საწმისიც ხომ  თმასთან არის დაკავშირებული, ანუ არის გენეტიკური კოდი და ცოდნა, რომელიც საწმისის სახით გაატანა მედეამ უცხოს. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ სწორედ გენეტიკური კოდის შენახვის მცდელობაა ბავშვის პირველმოჭრილი კულულის შენახვა. ამას უკავშირდება ისიც, რომ ასევე ინახავდნენ გარდაცვლილის შეჭრილ თმას. ორივე შემთხვევაში ამქვეყნიურ ცხოვრებაში აკონსერვებდნენ თანამედროვე გაგებით ყინავდნენ დე-ენ-ემ-ს, გენეტიკურ კოდს, რომელიც მეტნაკლებად იცვლიდა სახეს, მაგრამ არ კარგავდა არსებითს დროთა მარადიულ ბრუნვაში (ბავშვის შემთხვევაში) და რეალური სამყაროდან მიღმიერში, სხვა სივრცეში, სხვა განზომილებაში გადასვლისას (მიცვალებულის შემთხვევაში). სხვათა შორის, ამ მიზნით ინახავდნენ ჭიპლარს, ძვალს (კბილს) და თმაც ხომ ძვლის სახეობაა

ჩვენ თმისა და კოსმოსის იდუმალი კავშირები ვახსენეთ. ამ კავშირების თუთაშური ცოდნის ანარეკლია, რომ ძველ სამეგრელოში თმების მოკვეცა და დაბანა რეგლამენტირებული იყო დროის – მსგეფსის დღეებისა და მთვარის ფაზების მიხედვით.

მეგრელი ქალები მთვარის დღეს, თუთაშხას თავს არ დაიბანდნენ, ძმა მომიკვდებაო, პირველი კრეჭისთვის ირჩევდნენ ახალმთვარეობას, რომ თმები სწრაფად გაზრდილიყო (თუთა ახალი, სი გუმაახალი), ან სავსე მთვარეობას – გოფშა თუთას, რომ ძირები გამაგრებოდათ,  ჩვილ, ენააუდგმელ ბავშვს თმას არ შეაკვეცდნენ – ენა მოეჭრებაო. იყო სხვა არგუმენტიც – თმა გაუხეშდება ანუ პირველქმნილ სინაზესა და სილბოს  დაუკარგავსო ( თუ უფრო ღრმად დავაკვირდებით, ეს ცნობიერების გაღვიძებამდე ქვეცნობიერი, გენეტიკური ცოდნის, ინსტიქტების  მომაგრების მოლოდინი უფრო იყო – ერთი წლის ბავშვი კი უკვე ენას იდგამს და სამყაროს ნაწილიც შემეცნების პოტენციაც გაღვიძებული აქვს).  

სხვათაშორის, თმის შეკრეჭას უფრთხოდნენ მოიალაღე მწყემსები, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ჯოგს დააავადებდა ან მგლებს შეუსევდა და ნამატიც შეთხელდებოდა. ეს დაკავშირებული იყო თმასთან, როგორც სიხშირის სიმბოლოსთან, აქ უნდა შეგახსენოთ: ,,ვხედავ მეცხვარეს მაღლა მთაზედა, ცხვარიც მეტი ჰყავს თავის თმაზედა.’’ 

თმა სხვადასხვა დროს იყო თავისუფალი სიყვარულის სიმბოლოც და პირიქით, ქორწინებით გასხივოსნებული სიყვარულის სიმბოლოც. ეს უკანასკნელი დიდხანს შემორჩა ჩვენს ყოფაში –  ნაწნავი, შეკრული თმა ისე უდებდა სამანს ქალის თავისუფლებას სიყვარულში, როგორც საქორწინო ბეჭედი. ამიტომ ფანიასქუას შეკრული თმა იყო სიმბოლო კრძალულებისა, ერთგულებისა, ხოლო ჭაობის სულის ასულის – კაჟინას გაშლილი თმები სიმბოლო საცთურისა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა თმის სიმბოლიკას სამგლოვიარო და სხვა საწესამგებლო რიტუალებში. ახლობლის გარდაცვალებას ქალები მანამ არ შეიცხადებდნენ, სანამ თმებს არ ჩამოიშლიდნენ, ამას თომაშ ხუალა ერქვა.  თომაგოხილო ქუდოიხუნდას, ერთერთი უმძიმესი წყევლა იყო, რადგან ქალს შვილის, მეუღლის, ძმის  სიკვდილს უსურვებდა (უზალანდ) – ,,თომაგოხილო” – თმაგარდატევებულად  ხომ მხოლოდ ძალიან ახლობელს ტიროდნენ. 

სრულიად განსხვავდებოდა თმის როლი მგლოვიარე მამაკაცის შემთხვევაში. დაქვრივებული კაცი პირწმინდად იპარსავდა თავს და ფერფლს (ნაცარს) იყრიდა ( რომ არარასოდეს ამოსულიყო) , უდრო მეტიც, ერთ ან ორივე წარბსაც გაიპარსავდა, ნიშნად სასიცოცხლო ძალაზე უარის თქმისა. იყო პირიქითაც, ახლობლებზე მგლოვიარე კაცებიც გლოვის ნიშნად დიდი ხნით უშვებდნენ თმა–წვერს  მანამ, სანამ ჩაფილობის რიტუალს არ ჩაატარებდნენ. ამას სხვაგვარად თომაშ მუკოოთამა ერქვა. თმას მგლოვიარეებს გარდაცვლილის სანაცვლოდ სახელდებული პირი, ,,ნაღურაშ  მანჩა’’, ,,ჩაფილი’’ ( გარდაცვლილთან გატოლებული) აკეთებდა. ეს იყო ერთგვარი გამოთხოვება წასულთან – მკვდრის სახელზე მონაშვებ  და მოკვეცილ თმას თან მიყვებოდა მისი წილი სიყვარული და სევდა, ხოლო  თომაშ მიკმაათამალზე – თმის მომკვეცზე გადადიოდა სახეცვლილი სიყვარული და  იმედი. 

შემთხვევითი არ არის, რომ დეპრესიით, მელანქოლიით შეპყრობილი ადამიანები ან მთლიანად იპარსავენ თავს ან თმის ბოლოებს იკვეცენ – ჯერ ერთი თმა, როგორც აღვნიშნეთ, ისრუტავს უარყოფით ენერგიასაც და , მეორეც თავის მეხსიერებაში ინახავს დეპრესიული განცდების წარმომშობ მიზეზებს. თმის მოკვეცა ამ ენერგიისგან განთავისუფლებისთვის და სხეულებრივი მეხსიერების გაწმენდისთვის ხდება ( ასე რომ კონსტანტინეს მელანქოლიური თამარიც მარტო ფოქსტროტის შესაფერისად როდი იკვეცს თმებს).

  მაგრამ არ მინდა გული დაგამძიმოთ და მაკრატლისკენ გიბიძგოთ, ზემოთქმულის საპირწონედ ვიტყვი, რომ ჩიჩილაკის (ქუჩუჩის) ბურბუშელა თმის ანუ მზის სხივების სიმბოლო იყო და განახლების, გამრავლების, სიცოცხლის მარადისობის განცდა მოჰქონდა და მოაქვს ჩვენს სახლებში. და რაც მთავარია, თმის საკრალური მნიშვნელობა აისახა ვაზის ჯვარში, რომელიც წმინდა ნინომ თავისი ქალწულებრივი, მშვენიერი თმით შეკრა. ამ ჯვარმა ახალი სასიცოცხლო ძალა შემოიტანა წარმართულ, ბნელში გახვეულ საქართველოში.

 და თქვენც, სანამ მაკრატელს მოიმარჯვებდეთ ან, პირიქით, თმა- წვერს მოუშვებდეთ, ნუ იჩქარებთ გადაფიქრებას –  მითებს თმის მისტიურ ძალაზე  ადამიანები ქმნიდნენ და თავისთვის და ჩვენთვისაც  ტოვებდნენ არჩევანის შესაძლებლობას.

,,საიდუმლოდ” გეტყვით, რომ  არავინ იცის, სახელდობრ რაშია და საიდან მოდის სილამაზე და სად ინახავს ადამიანი სიცოცხლის ძალას.  

წინა სტატიარა ნიშნით გაათავისუფლეს 28 სოციალური მუშაკი სამსახურიდან?
შემდეგი სტატიამიფრინავენ მერცხლები და საფოსტო მტრედები – რას ელის ხელისუფლება თავისი ემისრების ამერიკული ვოიაჟებისგან და რას – ოპოზიცია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური