რა ნიშნით გაათავისუფლეს 28 სოციალური მუშაკი სამსახურიდან?

0
489

ეკატერინე ტიკარაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 28 სოციალური მუშაკის განთავისუფლება სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

,,სოციალური სააგენტოდან ამ სამსახურის გადატანა სხვა სამსახურში მოხდა, რის შედეგადაც გარკვეული ვაკანსიები აღარ იყო გათვალისწინებული, აღნიშნულ 28 პირს, ერთი თვის ფარგლებში კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, სხვა თანამდებობებზე დაინიშნონ.

მათ გაიარეს კონკურსი, გასაუბრება და ამ გასაუბრების შედეგად უკვე მათმა უშუალო ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, თუ რომელი შეესაბამებოდა შესაბამის პოზიციას ან არ შეესაბამებოდა. მათ ასევე ჰქონდათ გარკვეული შეთავაზებები სხვა პოზიციაზე, ისევე, როგორც სხვა სამსახურებში ჩვენ ჩავატარეთ რეორგანიზაცია და ყველას შევთავაზეთ სხვა პოზიციაზე გადასვლა. ჩვენ გარკვეული ადამიანებისგან უარი გვეთქვა სხვა პოზიციის დაკავებაზე, აქედან გამომდინარე მათ გადავუხადეთ კომპენსაცია. უკვე ამ სამსახურის სხვა სტრუქტურაში ჩამოყალიბების შემდეგ, რასაც დაახლოეებით 1 თვე დასჭირდება, ამ ადამიანებს კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ გაიარონ დამატებით გასაუბრებები, რათა სხვა თანამდებობებზე დაინიშნონ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრმა კითხვაზე, აღნიშნულ პირებს დაუწუნეს თუ არა კვალიფიკაცია, დადებითად უპასუხა.

„კი, ამ ადამიანებს დავუწუნეთ კვალიფიკაცია, ვინაიდან ყველასთვის ცნობილია, რომ ბავშვთა ზრუნვის კომპონენტში ჩვენ გაგვაჩნდა გარკვეული ცდომილებები, რომელიც პირდაპირ აისახებოდა იმ ბავშვებზე, რომლებიც საჭიროებდნენ განსაკუთრებულ ზრუნვას. სწორედ ეს გახდა ზოგიერთი მათგანის გაშვების მიზეზი, ზოგიერთი მათგანის გაშვების მიზეზი კი გახდა ის, რომ უბრალოდ, მეორე სამსახურში არ არსებობდა ის პოზიცია, რომელ პოზიციასაც ისინი წინა სამსახურში იკავებდნენ. შემდეგი ერთი თვის განმავლობაში მათ კიდევ ეძლევათ დამატებითი საშუალება იმისა, რომ მიიღონ კონკურსში მონაწილეობა და უკვე ახლად ჩამოყალიბებულ სტრუქტურაში დაინიშნონ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მისივე თქმით, სოციალური მუშაკების რიცხვი გაიზრდება.

ასეთია ეკატერინე ტიკარაძის განმარტება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად  სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლებაში დისკრიმინაციული ნიშნები იკვეთება პოლიტიკური ან პროფკავშირული საქმიანობის მიმართულებით. დეპუტატის ინფორმაციით, სოციალური მუშაკების მიმართ ადგილი აქვს ანგარიშსწორებას, რადგან მათ ცოტა ხნის წინ პროტესტი გამოთქვეს უკეთესი პირობების შექმნის მოთხოვნით. გაუშვეს ის გამოცდილი ადამიანები , ვისზეც ეს სამსახური იდგა. ეს ადამიანები ახალგაზრდა სოციალურ მუშაკებს გზას უკვალავდნენ“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

წინა სტატიაქვეყნის სიყვარული ისჯება, სიძულვილს პრემიებით ასაჩუქრებენ – ,,შეცვალე” ქუთაისის ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიათომაფალო – დალალმზე და თამარის მოკვეცილ თმებს გაყოლილი გენეტიკური კოდი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური