საქართველოს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლება სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლობითი და სხვა ორგანოების წევრთა წერილს, თუ სხვა ტიპის შეტყობინებას დიდი ყურადღებით ეცნობა.
თეა წულუკიანს ჟურნალისტებმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს კიდევ ერთ კრიტიკულ და გაფრთხილების შემცველ წერილზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახარიამ მიიღო ამერიკელი სენატორების, რიშის და შაჰინისგან.
მიუხედავად იმისა, რომ გავლენიანი სენატორების წერილში, განსხვავებით ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენის წერილისგან, არაფერია ნათქვამი საქართველოში ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, თეა წულუკიანმა შეკითხვაზე პასუხი სწორედ ამ თემის მოხსენიებით დაიწყო.
„იმიტომ, რომ ყურადღებით ვეცნობით, ვხედავთ, რომ ამ წერილებში, ზოგიერთ მათგანში განსაკუთრებით, არის გასაკვირი ნაწილები. მაგალითად, ის, რომ ზოგიერთი კონგრესმენი მაშინ, როდესაც საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობს დავა, აკეთებს წინასწარ შეფასებებს, რაც, რა თქმა უნდა, ჩემის აზრით, დავის მიმდინარეობას აყენებს ზიანს“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანმა გასაკვირი უწოდა იმასაც, რომ წერილებში ან საერთოდ არ კეთდება, ან ძალიან მცირე დოზით კეთდება აქცენტი საქართველოს ოკუპაციასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, რაც საქართველოს და მის სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს აწუხებთ.
„რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველოში დემოკრატიული პროცესი ასეთი მაღალი ხარისხის, როგორც დღეს არის, არასოდეს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ“, – განაცხადა წულუკიანმა. მისი თქმით, ამ დამოუკიდებლობაში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დიდი წვლილი შეიტანა აშშ-მა და ერთად უნდა გაგრძელდეს ბრძოლა იმისთვის, რომ დემოკრატია იყოს შეუქცევადი და მას არაფერი დაემუქროს: „ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად და გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სიარული“.
„ამ წერილების ავტორებიდან ზოგიერთი, ყველას ეს არ ეხება, მე ისიც მახსოვს და ვფიქრობ, არ მეშლება, რამდენიმე წლის წინ იმასაც აპროტესტებდა და აგზავნიდა წერილებს, რომ რატომ მიეცა მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ყურადღებით გავეცნოთ მეგობარი და მით უმეტეს, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან მიღებულ წერილებს, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ზრდასრული ადამიანები, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ თითოეული ტექსტისა და გვქონდეს იმის უნარი, შევაფასოთ რა არის რეალობასთან შესაბამისი, რა არის რეალობას აცდენილი“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
თეა წულუკიანის თქმით, ამერიკელი კანონმდებლების წერილებზე ქართული ოპოზიციის შეფასებები „ნამდვილად არ არის დამოუკიდებელი ქვეყნის ოპოზიციის შეფასებები, რაც მინიმუმ სამარცხვინოა“.
„კიდევ ერთხელ შევახსენებ ოპოზიციას, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, უნდა წავიკითხოთ, ყურადღებით გავეცნოთ, თუ წუხილის რეალურ საგანს დავინახავთ, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეს წუხილის საფუძველი აღმოვფხვრათ, მაგრამ ჩემი შეფასება ვერ იქნება ოპოზიციის შეფასება, თითქოს, რაკი უცხოეთიდან წერილი შემოვიდა, ამიტომ საქართველოს არსებობა დასრულდა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.