ნიკა გვარამია მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ თვალთვალზე, კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს

0
466

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ თვალთვალზე, კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.

ნიკა გვარამიას თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული ერთ-ერთი საქმის ფარგლებში მიმდინარე თვალთვალისას, რომელსაც უნდა დაედგინა კონკრეტული ავტომობილი ნამდვილად იყო თუ არა, მისი ოჯახის სარგებლობაში, თვალთვალი ხორციელდებოდა არა ავტომობილზე, არამედ მის მეუღლეზე:

“ჩვენ მთელი ოჯახი დიდი ხანია, უკვე მერვე წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არა როგორც მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, არამედ როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი. აქამდე, ეს ძირითადად ვლინდებოდა ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ როგორც ჩანს არანაირი წითელი ხაზები, უკვე ფსიქოპატური ფორმებით მებრძოლი რეჟიმის წინააღმდეგ არ არსებობს და ყველა ლოგიკურად შემაკავებელი ხაზი გადაკვეთილია. ჩემი ოჯახი არის განუწყვეტელი თვალთვალის, ზემოქმედების და საფრთხის წინაშე ამ ხელისუფლების მიერ და გამო.

იცით, რომ ერთ-ერთი საქმე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სრულიად აბსურდულად არის წამოწყებული, ეხება მანქანას, რომელიც ჩვენი ოჯახის სარგებლობაში იყო. არც დაგვიმალავს და სარგებლობდნენ ჩემი მეუღლე და ბავშვები. ცხადია, ამაში დანაშაული არ არის, იმიტომ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით მოხდა. მაგრამ პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ უნდა დაედგინა ეს მანქანა, რეალურად არის თუ არა, ჩვენ სარგებლობაში. ეს ჩვენთვის რომ ეკითხა, მარტივ პასუხს მიიღებდა და დავადასტურებდით. მიუხედავად ამისა, გამოტანილი იქნა დადგენილება ამ საკუთრების დასადგენად თვალთვალის გამოყენების. თითქოს, ცხადია, რომ მანქანას უნდა უთვალთვალონ, მაგრამ არა. ამაში მონაწილეობა მიიღო პროკურატურამ და სასამართლომ, პირობას გაძლევთ ყველა გადაწყვეტილების მიმღებს მძიმედ დავსჯი, აუცილებლად, გარდაუვლად და მძიმედ – განაცხადა გვარამიამ.

მან, თვალთვალის ღონისძიების კრებსი წაიკითხა, სადაც მისი მეუღლე სოფო ლილუაშვილი “ობიექტ ლაბაძედ” იყო მოხსენიებული და როგორც გვარამია აცხადებს, ნაჩვენები იყო, რომ თვალთვალი სწორედ “ობიექტ ლაბაძეზე” ხორციელდებოდა 28 დღის განმავლობაში და არა ავტომობილზე.

მისი თქმით, დოკუმენტაციაში არის უზუსტობებიც, რომელიც აჩვენებს, რომ მასზე და მის ოჯახზე თვალთვალი, ამ საქმის მიღმაც ხორციელდებოდა.

“28 დღე რას უთვალთვალებდნენ, რაში აინტერესებდათ ჩემი ცოლის და შვილების გადაადგილება. ჩემმა ოჯახმა მიიღო ომის გამოცხადება დიდი ხანია. ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და შევდივართ ომში. ჩვენ ვუცხადებთ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს და მას, ამ ომში დავამარცხებთ. როგორც ადამიანები, რომლებიც ვისჯებით სიმართლისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის. ჩვენ მას დავამარცხებთ და დამარცხებულს მოვექცევით უკეთესად,  ვიდრე ის გვექცევა,”- განაცხადა გვარამიამ.

წინა სტატია“თავისუფლების ინსტიტუტი” ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას მოითხოვს
შემდეგი სტატიასარალიძემ მიხეილ კალანდიას დაცვის მხარეს გარდაცვლილი შვილის ფოტოები შეაყარა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური