მთავარისიახლეებიპოლიტიკაHuman Rights Watch: საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა

Human Rights Watch: საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა

Published on

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური, 30-ე ანგარიში, რომელშიც შეფასებულია 100-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა.

საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა, – ნათქვამია ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება

„დაფინანსების არარსებობის გამო, ხელისუფლებამ ორჯერ გადადო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის ამოქმედება, რომელიც 2018 წელს სამართალდამცავი ორგანოების და სხვა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოსაკვლევად შეიქმნა. ოფისი 1-ელ ნოემბერს ამოქმედდა,“- აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია 20 ივნისის მოვლენებზეც და აღნიშნულია, რომ საზოგადოების პროტესტი პარლამენტში რუსეთის დუმის დელეგაციის ვიზიტმა გამოიწვია.

„20 ივნისის ღამეს სპეცრაზმმა ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა,“- აღნიშნულია ანგარიშში- , პროტესტის ზოგიერთმა მონაწილემ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, თუმცა, სხვა მხრივ შეკრებილები დიდწილად არაძალადობრივები იყვნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პოლიციამ თავშეკავება გამოიჩინა, დაახლოებით შუაღამეს მათ წინასწარი გაფრთხილების გარეშე მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და შეკრებილი ადამიანები დააკავეს. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი და 32 ჟურნალისტი. ბევრ მშვიდობიან მოქალაქეს რეზინის ტყვიებისგან მიყენებული დაზიანებები აღენიშნება თავზე, ფეხებსა და ზურზე. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობის საკითხი დიდწილად ცალმხრივად დააყენა.

„მათ დაიწყეს გამოძიება და ბრალი წაუყენეს აქციის 19 მონაწილეს. პროკურატურამ დაზარალებულად აღიარა 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქე. ბევრ დაშავებულ მომიტინგეს გამოძიების მასალების გაცნობის საშუალება არ მიეცა. სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, დაზარალებულის სტატუსი ნოემბერში კიდევ სამმა ადამიანმა მიიღო,“- ნათქვამია ანგარიშში.

Human Rights Watch-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ სამ პოლიციელს უფლებამოსილების გადამეტებისა და დაკავებული მომიტინგის შეურაცხყოფისთვის ბრალი წაუყენა, სამივე მათგანი გირაოთი გამოუშვეს.

ორგანიზაცია სახალხო დამცველის აპარატის საქმეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დევნა არ დაწყებულა არცერთ შემთხვევაზე, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა პროკურატურას გადაუგზავნა.

„სექტემბრისთვის ომბუდსმენის აპარატმა მიიღო 54 საჩივარი ციხის პერსონალის ან პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ და შუამდგომლობით მიმართა პროკურატურას 52 საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ. სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთ შემთხვევაზე არ განხორციელებულა,“ – ნათქვამია ანგარიშში.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...