ქირსეგეშქირატილეფი – ის დაუვიწყარი, ჩამწარებული შობა-ახალი წელი …. ცოტა რამ პრეზიდენტის შვილებზეც

0
603

7 იანვარს, გამთენიისას ზვიად გამსახურდიამ დატოვა ალმოდებული პარლამენტის შენობა და მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ცოტნესთან და გიორგისთან ერთად გეზი ჯერ დასავლეთ საქართველოსკენ, ხოლო აღაიანთან მოწყობილი ჩასაფრების, თანამებრძოლთა დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტისა და გზის მოჭრის შემდეგ გადაუხვია იჯევანისაკენ, საიდანაც ჯოჰარ დუდაევს თავისი მეგობარი და მასწავლებელი უნდა გადაეყვანა საქართველოს დაცემის შემდეგ დარჩენილ თავისუფლების უკანასკნელ და ეულ ციტადელში – იჩქერიაში.

პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი დაამხეს, აღდგენილი რადიოხაზით გოგა ხაინდრავამ გაავრცელა: მას მიჰყავდა ,,რეპორტაჟი” პარლამენტის ეზოდან, სადაც ზვიად გამსახურდიას კაბინეტიდან პუტჩისტების დაგეშილ ბიჭებს გამოჰქონდათ მისი პირადი ნივთები და კოცონზე წვავდნენ. უცებ გოგა ხაინდრავამ გაწყვიტა ტირადა საქართველოს განთავისუფლებაზე პირსისხლიანი დიქტატორისგან, ფაშიზმზე დემოკრატიის გამარჯვებაზე და ბედნიერებით ატანილმა გასძახა ახალგაზრდებს, რომელთაც იმ წუთას ზვიადის სავარძელი გამოჰქონდათ გარეთ: თქვენი მომავალია, ბიჭებო, თქვენი მომავალია! ( მოროდიორობა მისი სტიქია იყო ყოველთვის და პიკს მიაღწია აფხაზეთში)

გადავასწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ეს მომავალი ამ ბიჭებს მალევე დაუდგათ, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც პირდებოდნენ პუტჩის იდეოლოგები, მათმა უმრავლესობამ აფხაზეთის ომში დაასრულა სიცოცხლე, ბევრმა ორად გაყოფილი და ურთიერთს გადაკიდებული მხედრიონისა და ე.წ. კიტოვანის გვარდიის ნაწილებს შორის გაჩაღებულ ინტრიგებში, პარლამენტში და საერთოდ ხელისუფლებაში კი კარიერა სხვებმა მოიწყვეს ( თუმც, რაც უნდა მტკივნეულად ჟღერდეს, ეს იყო დამსახურებული სასჯელი ქვეყნისა და პრეზიდენტისთვის მიცემული ფიცის გატეხისთვის), გოგა ხაინდრავა (თავისი ცალყბა მონანიებითა და ყასიდი ბოდიშით) და მისთანები კი დღემდე ბოგინებენ და წარსულით ამაყობენ.

ამაყობს გიორგი შენგელაიაც, რომელმაც იმ დღეს იჯევანამდე ჩასდია პრეზიდენტს და მის ოჯახს. ,,ვერსად წაგვივა, ვერსად დაიმალება, ახლა მას ბიჭები ფეხდაფეხ მისდევენ და უკანვე მოიყვანენ, რომ პასუხი აგოს თავისი ნამოქმედარისათვის, პასუხი აგოს ხალხის წინაშე” – კაკანებდა იმ დილით გოგა ხაინდრავა პრეზიდენტს დადევნებული გიორგი შენგელაიას ჯგუფის იმედად.

რაც შეეხება ხალხს, ამ დროს უკვე ტრიალებდა ტრაგედია, მაგალითად, ზუგდიდში, ერთ პატიოსან ოჯახში , რომლის დიასახლისს გული გაუსკდა, როგორც კი გაიგო, რომ პრეზიდენტი დაამხეს და მდევრები მოსაკლავად მისდევდნენ. სწორედ ეს ქალი იყო ქართველი ხალხის სახე იმ წუთებში და არა ,,ჰუმანისტი” გიორგი შენგელაია, რომელსაც ,,ალავერდობა” და ,,ფიროსმანი” ჰქონდა გადაღებული, მაგრამ მოგონილი ჰუმანიზმისაგანაც დაცლილი, ავტომატით ცხრილავდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ახალგაზრდა დემოკრატიას.

დრომ ბევრს ასწავლა, რომ არ იყო მართალი და დღეს სირცხვილის ოფლს იწმენდს კრემლში დაწერილი სცენარის განხორციელებაში მონაწილეობისათვის. მარმარილოს ტალახი არ ეკარება – ზვიად გამსახურდიას სიწმინდეს უკვე მისი ყოფილი მტრებიც აღიარებენ. ავტომატი არ არის ის, რასაც შეუძლია დაასრულოს ზვიად გამსახურდიას მარადიული ცხოვრება ერის მეხსიერებაში. ეს ბევრმა ისწავლა, მაგრამ არა გიორგი შენგელაიამ. და ნურავინ შეეცდება ეს უსირცხვილობა მის ასაკს, ასაკობრივ მარაზმს მიაწეროს. ის ასეთია. ასეთი იყო ყოველთვის – მარად წითელი ინტელიგენტი და მორჩა.


„ყველაფერი ლოგიკურად გაკეთდა მაშინ! მიხარია, რომ სწორად მოვიქეცი. როგორ შეიძლებოდა გამსახურდიას ხელისუფლებაში დატოვება?! სააკაშვილიც და ივანიშვილიც გამსახურდიები არიან და მათაც ისევე შევებრძოლები, როგორც მაშინ – ზვიად გამსახურდიას!“- განაცხადა გიორგი შენგელაიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში . რომელშიც იგი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის პროცესს იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა და ის ამ პროცესებში მონაწილეობას არ ნანობს.

ახლა, როცა ზვიადის ცოტნეს უჭირს და ჭირს არაკაცთა ხელიდან, უნებლიედ გახსენდება შორეულ 90 – იან წლებში ჩამწარებული შობა და ახალი წელი – იჯევანისკენ მიმავალ მანქანაში კუშტად, მაგრამ არა შიშნეულად მჯდარი მარდაშე (მოზარდი) ცოტნე (ასე იხსენებენ მას და გიორგის პრეზიდენტის თანმხლებნი) და ასევე ზვიადი სახით მდგარი ახალგაზრდა ცოტნე, რომელმაც მამის ცხედარი დაუბრუნა სამშობლოს.

კითხვაც არ უნდა, თუ დარჩა ქვეყანაში ვინმე, თითო – ოროლა ნაძირალას გარდა, ვინც ძველი და ახალი ტკივილების დაძლევას არ უსურვებს ცოტნეს და მოუთმენლად არ ელის იმ დღეს, როცა იგი ზვიადი სახით დაბრუნდება კოლხურ კოშკში…

თავისი გზა აქვს კონტანტინე ზ. გამსახურდიას, რომელსაც მამის ინტელექტი დაყვა და გასაოცარ წიგნებს წერს, თუმცა ამ წიგნებს წაკითხვა უნდა და არა მის პოსტებზე თვალის გადარბენინება.

რაც შეეხება გიორგი გამსახურდიას, ხანდახან მგონია, რომ იგი გვსჯის იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ, მომხრეებმაც და მტრებმაც, მათაც, ვინც ესროდა მამამისს, და მათაც, ვინც ვერ შევძელით მისი სათანადოდ დაცვა, მოვუკალით მამა, და ამავე დროს მოვკალით ჩვენი მამა, ერის მამა (მესიანიზმზე ლაპარაკი აქ უადგილოა – ზვიად გამსახურდიამ ათწლეულებით ადრე იკისრა როლი, რომელიც პრეზიდენტობაზე მეტი იყო, და, სხვამ თუ არა, მისმა მაშინდელმა მომხრეებმა იციან, რომ მას ეს პრეზიდენტობა არც არასდროს სდომებია და საარჩევნო საპარლამენტო სიის სათავეში მხოლოდ იმიტომ ჩაეწერა, რომ სხვათაგან ამ თხოვნაზე უარი მიიღო ბოლო, გადამწყვეტ მომენტში, სიას კი ,,ლოკომოტივი” სჭირდებოდა).

თუ ახსოვს ვინმეს, რომ გიორგი კოჩუბეიში, გადასახლებაში გაჩნდა და ჩანასახშივე იყო დევნილი ჩვენი ჩუმი თანხმობით. მერმინდელ ამბებზე აღარას ვამბობ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ იგი ზვიად გამსახურდიას უმრწემესი და სათაყვანო შვილია, მეამბოხე ახალგაზრდა, რომელიც თავის გზას ადგას და კიდევ იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას, როცა ამის დრო დადგება და საჭიროდ ჩათვლის. სხვაგვარად არ შეიძლება მოხდეს, და თუნდაც არ მოხდეს, გიორგი გამსახურდიას აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის და როგორიც სურს იყოს.

და ნურავინ ეცდება თავისი დაკვეთის ანუ გარემოების მძევლად აქციოს იგი ( გამსახურდიებზე ეს არ ჭრის), ნურავინ იცემს გულზე მჯიღს და, მით უფრო, ნუ იქილიკებს ნურც მასზე და ნურც მის ძმებზე. ვერავინ იქნება რომის პაპზე მეტი კათოლიკე, ისე არ მოგვივიდეს მღვდელს თავის წვერს აბარებდნენ, მოუარეო (პაპას მუშ ფრიმულს აბარენდეს, ქუმკულევა (როგორც ვიტყოდით მეგრელები).  ამის უფლება რომ გვქონდეს, ჯერ ჩვენ, როგორც ერის ნაწილმა, უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი წილი დანაშაული მათი ჩამწარებული ყრმობისა და სიჭაბუკისთვის.

ნონა ქობალია

წინა სტატიაზუგდიდში საშობაო ალილო გაიმართა[Video]
შემდეგი სტატიარუსეთმა კანადასთან წააგო, მაგრამ აჩვენეს, რომ მოიგო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური